ხელისუფლებას არა, მაგრამ საკუთარ თავებსა და პარტიას რომ ცხელი შემოდგომა და როგორც ჩანს, ცხელი ზამთარი მოუწყვეს, ეს ფაქტია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე საარჩევნო პროცესებზე საუბრისას განუცხადა.
ცაგარეიშვილს ეჭვი ეპარება, რომ პარტიის თავმჯდომარის შერჩევის პროცესში „იდეების ჭიდილია“ მოსალოდნელი.
„ეს იქნება უკვე ორი, ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ წაკიდებული დაჯგუფების დაუნდობელი ბრძოლა. ვფიქრობ, მთელი ეს ორი თვე, ე.წ. ცხელი შემოდგომის გასტანს ამ დაპირისპირებაში. ხელისუფლებას არა, მაგრამ საკუთარ თავებსა და პარტიას რომ ცხელი შემოდგომა და როგორც ჩანს, ცხელი ზამთარი მოუწყვეს, ეს ფაქტია.
რასაც ახლა ვუყურებ, დაპირისპირებულ ადამიანებს არ გააჩნიათ არავითარი რესურსი ერთად მუშაობის, ერთად ყოფნის ერთპარტიულ სივრცეში და აუცილებლად, ეს ბრძოლა უფრო დაუნდობელი გახდება“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, სადაც პარტიის წევრებმა თავმჯდომარის არჩევნებზე იმსჯელეს. პარტიაში ორ სხვადასხვა წესზე ამახვილებენ ყურადღებას ესენია ელექტრონული არჩევნები ან ფეისბუქ პლატფორმაზე ხმის მიცემა. ახლა ჯერი პოლიტიკურ საბჭოზეა.