ახალი სასწავლო წელი თსუ პროფესიული განათლების ცენტრში

ახალი სასწავლო წელი თსუ პროფესიული განათლების ცენტრში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძემ, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა კახაბერ ჭეიშვილმა, ცენტრის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ ლევან წიქარიძემ და მასწავლებლებმა მიულოცეს.

ახალ სასწავლო წელს, თსუ პროფესიული განათლების 8 პროფესიულ პროგრამაზე თბილისსა და ქუთაისში 400-მდე სტუდენტი ისწავლის. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერის ლაშა საღინაძის თქმით, პროფესიული განათლების ცენტრმა წელს სტუდენტების რეკორდული რაოდენობა მიიღო. „პროფესიული განათლების ცენტრი სამი წლის წინ შეიქმნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე და აღნიშნული პერიოდის განმავლობაში უკვე არაერთი ახალი პროგრამა დაგვემატა. გაორმაგდა სტუდენტების მიღება და მომავალშიც, ვფიქრობთ, ამ ტენდენციას გავაგრძელებთ. სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და პროფესიული განათლება, ზოგადად. შესაბამისად, ჩვენ ხელს ვუწყობთ ამ პროცესს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები შრომის ბაზარზე აქტიურად იქნებიან დასაქმებულები,“- აღნიშნა ლაშა საღინაძემ.

2022 წელს თსუ პროფესიული განათლების ცენტრმა თბილისსა და ქუთაისში სტუდენტები მიიღო პროგრამებზე: ბუღალტრული აღრიცხვა, სკოლამდელი აღზრდა, საბაჟო საქმე, ღონისძიების ორგანიზება, საოფისე საქმე, საფინანსო სერვისები, საბიბლიოთეკო საქმე, სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა.

თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის კახაბერ ჭეიშვილის ინფორმაციით, ის პროგრამები, რომლებსაც ცენტრი ახორციელებს, რეალურად მოწოდებულია, რომ მიღებული კვალიფიკაციით კურსდამთავრებული შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი იყოს. “სტუდენტები, რომლებიც ჩვენთან სწავლობენ, არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას იღებენ, არამედ სერიოზულ პრაქტიკულ კურსებსაც გადიან. მათი პედაგოგები არიან ამა თუ იმ დარგში წარმატებული ადამიანები, სწორედ ამიტომ მათ მიერ გაზიარებული პრაქტიკული გამოცდილება წარმატების ერთ-ერთი წინაპირობაა,“-განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა. მისივე ინფორმაციით, ცენტრი ინკლუზიური მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს და ყოველწლიურად ახორციელებს სსსმ სტუდენტების ჩართულობას სასწავლო პროცესში.

2022 წლის მიღებაზე 2105 აპლიკანტი იყო რეგისტრირებული. პროგრამებზე ჩარიცხულ 400-მდე სტუდენტს შორის არიან სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ადამიანები, რომელთაც ახალი პროფესიის დაუფლება სურთ. პროფესიული პროგრამის „ღონისძიების ორგანიზება“ სტუდენტს მარიამ სებუას უკვე აქვს ფსიქოლოგიის განხრით ბაკალავრის ხარისხი, თუმცა, გადაწყვიტა კვალიფიკაცია სხვა პროფესიაშიც მიიღოს. „იმდენად ახლოს ვარ ხელოვნებასთან, თეატრთან, ვფიქრობ, ეს პროგრამა დამეხმარება განვავითარო ჩემი შესაძლებლობები. ამ პროგრამით პროფესიულად უფრო მეტად გავიზრდები - უფრო მეტ ღონისძიებას გავაკეთებ, უფრო მეტი ცოდნა და რესურსი მექნება“, -აღნიშნა მარიამ სებუამ.

თსუ-ში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2007 წლიდან  ხორციელდება. თსუ-ში მოქმედი ყველა პროფესიული პროგრამა  სახელმწიფოს მიერ 100 %-ით ფინანსდება.