გიორგი ცაგარეიშვილი: ნაზი ჯანეზაშვილმა გაუგებარი მიზეზებით თქვა უარი გასაუბრებაზე, რა შუაშია იაგო ხვიჩიას კანდიდატურა, ეს არის თითიდან გამოწოვილი მიზეზი და პასუხისმგებლობაზე თავის არიდება

გიორგი ცაგარეიშვილი: ნაზი ჯანეზაშვილმა გაუგებარი მიზეზებით თქვა უარი გასაუბრებაზე, რა შუაშია იაგო ხვიჩიას კანდიდატურა, ეს არის თითიდან გამოწოვილი მიზეზი და პასუხისმგებლობაზე თავის არიდება

გაუგებარია, რატომ თქვა უარი საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატმა ნაზი ჯანეზაშვილმა კანდიდატების შესარჩევ გასაუბრებაში მონაწილეობაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმს, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნაზი ჯანეზაშვილის მიერ დასახელებული მიზეზები პასუხისმებლობისთვის თავის არიდებაა.

„დღეს გავიგეთ ნაზი ჯანეზაშვილის განცხადების თაობაზე. ჩვენ ალფაბეტის მიხედვით გავყევით კანდიდატების სიას, ბოლო იყო ნაზი ჯანეზაშვილი. როგორც ჩანს, ასო ჯ-ზე უნდა ჩამოვსულიყავით, რომ გახსენებოდა, იგი არის კანდიდატი და უნდა მობრძანებულიყო დღეს. თუ ჩართული ხარ ამ პროცესში, გარკვეული პასუხისმგებლობებით ხარ შებოჭილი და უნდა მოიქცე ისე, როგორც ეკადრება მაღალ თანამდებობაზე გასამწესად გამზადებულ ადამიანს. სამწუხაროდ, ამგვარი პასუხისმგებლობა ვერ გამოამჟღავნა. ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით, უარი თქვა გასაუბრებაზე. რა შუაშია იაგო ხვიჩიას კანდიდატურა. ნებისმიერ ადამიანს შეეძლო კონკურში მონაწილეობა. ვფიქრობ, ეს არის თითიდან გამოწოვილი მიზეზი, თავის არიდება პასუხისმებლობისთვის. ასევე, ჩემთვის გაუგებარია მეორე განცხადება, რომ არ არის ვალდებული, პასუხი აგოს წარსულში გაკეთებულ განცხადებებზე. ბუნებრივია, ჩვენ როცა ვაფასებთ ამა თუ იმ კანდიდატს, სწორედ ამ ადამიანების წარსულ საქმიანობას ვაფასებთ, მათ შორის კრიტიკული თვალთახედვით. ყოველთვის ასე ხდება, ადამიანი ფასდება განვლილი გზით, მგონი, ამაში სიახლე არაფერია. მოვითხოვეთ CV, ჩავიხედეთ ბიოგრაფიებში, თვალი გადავავლეთ მათ აქტივობას სოციალურ ქსელებში. ადამიანებს ცხოვრების წესად გადაექცათ სოციალურ ქსელებში მუდმივად ყოფნა, მოსაზრებების გამოქვეყნება. სოციალური ქსელები გადაიქცა ბრძოლის ველად და ადამიანებთან, მათ შორის პოლიტიკოსებთან ანგარიშსწორების უზარმაზარ სივრცედ. ამას აკეთებენ ჩვენი ოპონენტები ყოველწუთიერად. იცით, როგორ იყენებენ სოციალურ ქესელებს და რატომღაც თვითონ აღშფოთდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ სწორედ მათ სოციალურ ქსელებს დავაკვირდით და იქ საჯაროდ გამოგონილ განცხადებებს მივაქციეთ ყურადღება. რა არის ამაში აღმაშფოთებელი? ანუ ვიღაცისთვის შეიძლება სოციალური ქსელების გამოყენება ადამიანების დამუნათებისთვის, ბულინგისთვის, დევნისთვის, შეურაცხყოფისთვის და ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, უბრალოდ, როცა კანდიდატებზე ვსაუბრობთ, ვაფასებთ ყველა კუთხით, ყველა მხრიდან ვაფასებთ მათ ნამოქმედარს, ნააზრევს. ასევე, რა თქმა უნდა, ვიყურებით მათ საჯარო აქტიურობაში. საჯარო გვერდებია, დაფარული ინფორმაცია ხომ არ არის. ეს არის მათი ნააზრევი, რომელიც საზოგადოებამ ისედაც იცის, უბრალოდ, ჩვენ მივაქციეთ ყურადღება, ისევე, როგორც მათ წარსულს და განვლილ გზას. არ მესმის, ეს კანდიდატობის მოხსნის მიზეზი რატომ უნდა იყოს“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატმა ნაზი ჯანეზაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატების შესარჩევ გასაუბრებაში მონაწილეობაზე უარს ამბობს, თუმცა კანდიდატურას არ ხსნის.