არავის აქვს საფუძველი იმისა, სასამართლო სისტემის მიმართ ეჭვი შეიტანოს - რამდენიმე დღის წინ აშშ-ში ციხიდან გამოუშვეს პატიმარი, რომელიც 20 წელი სასჯელს ტყუილად იხდიდა, მე შევშფოთდი და ვთქვი, რომ ასეთი რამ არასდროს უნდა მოხდეს, - ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე დასმულ კითხვას.
როგორც ზარქუამ აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ აშშ-ი დიდი დემოკრატიისა და გამოცდილების მქონე ქვეყანაა, აშშ-ში ადამიანი ციხეში 20 წელი იჯდა, გამოუშვეს და უთხრეს, რომ შეეშალათ.
“არავის აქვს საფუძველი იმისა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ ეჭვი შეიტანოს. ჩვენთან სასამართლო სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მსჯავრდებულს შეუძლია ყველა ინსტანცია გაიაროს და თუ წარმატებას ვერ მიაღწევს, საჩივარი საერთაშორისო დავებში გადაიტანოს. თუ ეს ადამიანი (ნიკა გვარამია) საერთაშორისო სასამართლოში გამართლდება, პირველი მე მივულოცავ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.