ირაკლი კობახიძე: თუ სალომე ზურაბიშვილი ოდნავ მაინც სცემს პატივს პრეზიდენტის ინსტიტუტს, ნიკა გვარამიას არ შეიწყალებს

ირაკლი კობახიძე: თუ სალომე ზურაბიშვილი ოდნავ მაინც სცემს პატივს პრეზიდენტის ინსტიტუტს, ნიკა გვარამიას არ შეიწყალებს

თუ სალომე ზურაბიშვილი ოდნავ მაინც სცემს პატივს პრეზიდენტის ინსტიტუტს, ნიკა გვარამიას არ შეიწყალებს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გვარამიამ იცოდა წინასწარ სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ და ამის გამო დაიწყო ტელეკომპანიის ძარცვა და კომპანია 8 მილიონით გაძარცვა.

„ჩვენ ბუნებრივია არ შეგვიძლია ჩავერიოთ სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ერთადერთი, შეფასებასაც გავაკეთებ, როგორც იურისტი. გვარამიამ იცოდა, რომ ტელეკომპანია უნდა გადაეცა კანონიერი მფლობელისთვის და იცოდა, რომ სტრასბურგის სასამართლო მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას. რატომ? იმიტომ, რომ ყაჩაღურად მიითვისეს მათ „რუსთავი 2“. ამ ყაჩაღებმა იცოდნენ, რომ კანონიერი მფლობელისთვის უნდა გადაეცათ ტელეკომპანია და დაიწყეს მისი ძარცვა. 7 მილიონით გაძარცვეს კომპანია, ეს დაადგინა სასამართლომ. თუ ვინმეს კითხვები აქვს, კეთილი ინებონ და სათანადო ინსტანციებს მიმართონ, მაგრამ თავისთავად ეს ფაქტი სახეზეა. ასეთ დროს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის წესით არ უნდა რჩებოდეს სივრცე, თუმცა, ოპოზიცია აქაც ახერხებს ამას“, - აღნიშნა კობახიძემ.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არ უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია.

„მე ვერ ჩავერევი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში, შესაბამის ინსტანციებს აქვთ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უფლება. მე უბრალოდ გაგახსენებთ, რა სიტყვებით მოიხსენიებდა ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტს. სამი სიტყვა გამოიყენა მან, პირველს გაგახსენებთ, ეს იყო რეზიდენტი, მეორესა და მესამეს ეთიკიდან გამომდინარე არ გავიხსენებ. როდესაც ამის შემდეგ ჩვენ თეორიულად ვსაუბრობთ იმაზე, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეიძლება შეიწყალოს ნიკა გვარამია, გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი ოდნავადაც არ სცემს პატივს პრეზიდენტის ინსტიტუტს. მგონი ეს ასე არ იქნება და მინიმალური პატივისცემა იქნება გამოვლენილი ინსტიტუტის მიმართ და ასეთ შემთხვევაში გამორიცხულია შეწყალება“, - განაცხადა კობახიძემ.