კარგია, რომ პროცესებზე ხდება დაკვირვება, თუმცა, დაკვირვება პროცესებში ჩარევაში არ უნდა გადაიზარდოს, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა ქმედებათა სამსახურის განცხადებას ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, სასამართლო გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს და მაგალითები ადასტურებს იმას, რომ ასეთი პროცესები, რომელიც შემდგომ უკვე სტრასბურგის სასამართლოში გაგრძელდა, იმით დასრულდა, რომ „ყველა განცხადება, მათ შორის, ჩვენი მეგობრების ევროპიდან და აშშ-დან არ აღმოჩნდა მართალი".
"ჩვენს პარტნიორებს შევახსენებდი რამდენიმე წლის წინ დასრულებულ პროცესს „რუსთავი 2“- თან დაკავშირებით, რომელზეც ასევე დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი, თითოეული პროცესის დასრულების შემდგომ საზოგადოება ისმენდა არაერთ განცხადებას მიკერძოებაზე, ჩარევაზე და ა.შ. თუმცა, ეს პროცესო საქართველოს უზენაეს სასამართლოში და გაგრძელებული ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იმით დასრულდა, რომ ქართული სასამართლოს წარმოება აღმოჩნდა სრულიად მართალი და ყველა ის განცხადება, აღქმებზე დაფუძნებული შეშფოთება და ა.შ. იყო არაფრისმომცემი, ტყუილი, რადგან ამის უკან არანაირი არგუმენტი არ იდგა,"- განაცხადა მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ევროკავშირი ამ საქმეს ყურადღებით აკვირდება. ამასთან, ევროკომისია მიუთითებს, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს იურიდიულ სტანდარტებს“.