პოლიტიკა აღქმების კატეგორიებს უნდა გასცდეს, ფაქტებითა და რეალური მტკიცებულებებით უნდა იყოს ნებისმიერი განცხადება და დამოკიდებულება დასაბუთებული და გამყარებული, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აშშ-ის საელჩოს განცხადებას „მთავარი არხის“ დამფუძნებლის“ ნიკა გვარამიას შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებასთან გადაწყვეტილებას.
დავით მათიკაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ მსგავსი განცხადებების უკან არგუმენტი ან მტკიცებულება არ დევს.
„მოდი, დავიწყოთ იქიდან, რომ სასამართლო არის ხელისუფლების მესამე შტო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს ისე, როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული. კრიტიკის და შეფასების უფლება ყველას აქვს - რამე მოსწონდეს ან რამე არ მოსწონდეს, თუმცა ის, რომ სასამართლოს მოახვიო საკუთარი შეხედულება და აზრი, ისე იმოქმედოს, როგორც შენ გინდა, ეს იქნება სახელმწიფო, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატი, ელჩი, რომელიმე ქვეყნის დეპარტამენტი თუ ა.შ. უფლება არავის აქვს, რადგან სასამართლო არის დამოუკიდებელი და დამოუკიდებლად ვითარდება. ყველაფერი დანარჩენი ამ თემასთან დაკავშირებით აღქმების დონეზე იყო და დარჩება, რადგან ამ აღქმას სჭირდება შესაბამისი გამყარება, ხოლო სიმყარეს მტკიცებულებების კუთხით ვერც აქამდე პოულობდა ჩვენი საზოგადოება ამ განცხადებების უკან და ვერც დღეს პოულობს.
მაშინ, როდესაც მართლმსაჯულების ინდექსით ქვეყანა მოწინავე ადგილზეა და ეს ყველაფერი გამოჩნდა თვითონ ამავე ქვეყნის ძალიან მაღალი სპეციალისტების შეფასებით, ასეთი აღქმების დონეზე დარჩენილი განცხადებები რჩება სამწუხაროდ, მხოლოდ განცხადებად. ეს არის ძალიან სამწუხარო, როდესაც რაიმე განცხადების უკან რაიმე მსგავსი, რაც არის მტკიცებულებითი ფორმის ან არგუმენტის ფორმის, არ დევს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ინფორმაციისთვის, "მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის შეფარდებული 5 0000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა, თუმცა საბოლოოდ, მას საპატიმროში ყოფნა აქამდე განსაზღვრული 3 წლითა და 6 თვის ვადით მოუწევს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა და განცხადებაში ნათქვამია, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა.
ამასთან, აღნიშნულია, რომ შერჩევითი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდადების აღქმაც კი ასუსტებს საზოგადოების ნდობას სამართალდამცავების, პროკურატურის, სასამართლოებისა და თავად ხელისუფლების მიმართ.