ოლიგარქიასთან დაკავშირებული რეგულაციები ეს არის ევრორეკომენდაციების ნაწილი, რომელზეც სხვათა შორის შეტევაზე იყო გადმოსული რადიკალური ოპოზიცია, ხმამაღალი განცხადებებით მოგვიწოდებდნენ, რომ დროზე მიგვეღო კანონი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ დეოლიგარქიზაციის კანონზე საუბრისას განაცხადა.
„როდესაც ჩვენ გამოვხატეთ მკაფიო პოლიტიკური ნება და ავიღეთ ის მოდელი, რომელიც თავის დროზე ევროკავშირის ჩართულობითა და რეკომენდაციით მიიღო უკრაინამ, ეს კრიტერიუმი და კანონი წაიკითხეს, მერე მათ რიგებში რამდენიმე პოტენციური ოლიგარქი აღმოაჩინეს. იმ პოტენციურმა ოლიგარქებმაც აღმოაჩინეს, რომ ამ კანონს თუ მივიღებთ პირველ რიგში მათ შავი ფულის დაფინანსებით, მედიის მმართვისა და პარტიებში ჩარევის მხრივ ექმნებათ პრობლემები“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტი დეოლიგარქიზაციის შესახებ მომზადებული კანონპროექტის განსახილველად ემზადება. პროექტი შემუშავებულია უკრაინის კანონის მაგალითზე და არსობრივად იმეორებს უკრაინული კანონმდებლობის ნორმებს. განსხვავება მხოლოდ სათაურსა და ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილებაშია. კანონპროექტით ოლიგარქებს სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ, რეესტრთან დაკავშირებულ, მისი შექმნისა და წარმოების წესებს კი პარლამენტი დაამტკიცებს.