სანდრო რაქვიაშვილი: ეჭვი მაქვს, ვაშაძეს და მის ჯგუფს ასეთი სტრატეგია გაუჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გულდაწყვეტილ ამომრჩეველზე ინადიროს

სანდრო რაქვიაშვილი: ეჭვი მაქვს, ვაშაძეს და მის ჯგუფს ასეთი სტრატეგია გაუჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გულდაწყვეტილ ამომრჩეველზე ინადიროს

ეჭვი მაქვს, ვაშაძეს და მის ჯგუფს ტაქტიკა თუ სტრატეგია გაუჩნდა ასეთი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გულდაწყვეტილ ამომრჩეველზე ინადიროს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რითაც პარლამენტის დატოვების თაობაზე გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ტაქტიკა იმაში მდგომარეობს, რომ ფსევდო რადიკალიზმით მოატყუონ ამომრჩეველი და რამდენიმე პროცენტი დაიმატონ.

"იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელშიც ახლა "ნაციონალური მოძრაობა" იმყოფება, როცა უმოქმედობას აბრალებენ, რომ რადიკალიზმი აკლია "ნაციონალურ მოძრაობას" და ა.შ. მე ეჭვი მაქვს, რომ ვაშაძეს და მის ჯგუფს გაუჩნდა ტაქტიკა თუ სტრატეგია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გულდაწყვეტილ ამომრჩეველზე ინადირონ. ცდილობენ სიტყვით, განცხადებით რადიკალიზმი გამოაჩინონ, არაფერი ამ ქმედებებში რადიკალური არ არის, პირიქით, თუ რამენაირად შეიძლება შევაფასოთ, რასაც ვაშაძე და მისი კოლეგები აკეთებენ, ევროინტეგრაციას აზიანებს მინიმუმ სხვა თუ არაფერი, მაგრამ ტაქტიკურად გასაგებია - ამ ფსევდო რადიკალიზმით მოატყუებ ამომრჩეველს და რამდენიმე პროცენტს დაიმატებ. ეს ფსევდორადიკალიზმია, შეიძლება კომუნისტები, ნაციონალისტები იყვნენ რადიკალები, ნებისმიერი იდეოლოგიის მქონე ადამიანი შეიძლება იყოს რადიკალი, ამ ადამიანების უკან კი არანაირი იდეა არ დგას. უბრალოდ ამბობენ, პროევროპული ძალა და რადიკალები ვართო და რაში არიან რადიკალები, რას გააკეთებენ? - რევოლუციით შეგვიყვანენ ევროპაში, რომელიც რამდენჯერმე დაანონსეს და ყველა ეს რევოლუცია განცხადებით შემოიფარგლა?- განაცხადა რაქვიაშვილმა.

ცნობისათვის, " პალიტრანიუსის" გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში" "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ მისი პარტია მზად არის პარლამენტი დატოვოს.

"მთავარია ეს არ იყოს ნაადრევი, თუმცა ეს მოხდება, როდესაც ის მოცემულობა დადგება, რომ საზოგადოება შეთანხმდება იმაში, რომ „ქართული ოცნებიდან“ არაფერი გამოვა, რომ ის არის პრორუსული ძალა, რომ კანდიდატის სტატუსი მათთან ერთად არ იქნება. ეს მოცემულობა რომ შედგება, ჩვენი ნაბიჯიც ამის პარალელურად იქნება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.