თუკი ამომრჩეველს სურს, ოპოზიციური პარტიები აირჩიონ, სივრცე, რომელიც ანტისაზოგადოებრივ და ანტიპოლიტიკურ პარტიას “ნაციონალურ მოძრაობას“ ეკავა, მეტწილად თავისუფლდება და შეიძლება ის ახალმა ოპოზიციურმა პარტიებმა შეავსონ - ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.
როგორც თალაკვაძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, 2024 წლის არჩევნების წინ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის კონსულტაციები გაიმართება და პოლიტიკური ველი მნიშვნელოვანწილად გადახალისდება.
მისივე თქმით, “რადიკალურ ოპოზიციურ ბანაკში დაწყებულია რღვევის სერიოზული პროცესი, მათ არ ჰყავთ მომავლის ლიდერები, არა აქვთ მომავლის გეგმა და ხვდებიან, რომ არჩევნებში სერიოზული შედეგის მიღება გაუჭირდებათ“.
როგორც თალაკვაძე აცხადებს, პრაიმერისზე საუბრით ოპოზიცია მის შიგნით არსებული პოლიტიკური კრიზისის შეფუთვას ცდილობს.
„რადიკალური ოპოზიცია ცდილობს ის კრიზისი და რღვევა გადაფაროს, რაც შიგნით მიმდინარეობს. კარგად ხვდებიან, რომ საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება. კარგად ხვდებიან, რომ საკუთარ ამომრჩეველს რაღაც უნდა შესთავაზონ, არ ჰყავთ მომავლის ლიდერები, არა აქვთ სამომავლო გეგმა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართული არ არიან. ეს (პრაიმერისი) არის ახალი სატყუარა, თუ ახალი ტყუილი. ამას როგორ შეფუთავენ და ამომრჩეველს რა იმედს მისცემენ, რომ ერთიანდებიან და ერთად უფრო მეტს შეძლებენ, ეს ყველაფერი უკვე ფასადია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.