მიხეილ სარჯველაძე: გამოვრიცხავ, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის მოქმედება გავრცელდეს პერსონალურად ბიძინა ივანიშვილზე

მიხეილ სარჯველაძე: გამოვრიცხავ, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის მოქმედება გავრცელდეს პერსონალურად ბიძინა ივანიშვილზე

გამოვრიცხავ, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის მოქმედება გავრცელდეს პერსონალურად ბიძინა ივანიშვილზე, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კანონი არ იქმნება კონკრეტული პერსონალიების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.

"როცა ოლიგარქიაზე ვსაუბრობთ, მთავარი რაც არის ოლიგარქის ცნებაში, რომ ხელისუფლებას იყენებდეს საკუთარი ინტერესებისთვის და ჰქონდეს მასზე გავლენები, მერწმუნეთ, ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით არ არსებობს ასეთი დასკვნის გასაკეთებლად არავითარი საფუძველი. გამოვრიცხავ რომ ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს პერსონალურად ბიძინა ივანიშვილზე", - განაცხადა სარჯველაძემ.

კითხვაზე, ევროპარლამენტის რეზოლუცია მიუთითებს, რომ ივანიშვილი ოლიგარქია, სარჯველაზე აღნიშნავს, რომ ხდება ხოლმე როდესაც მცდარი აზრი ხვდება ზოგიერთ მნიშვნელოვან დოკუმენტში და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის უდავო ჭეშმარიტებაა.

"მცდარი მოსაზრებაა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიება და რომელიმე ევროპარლამენტარი რომ მცდარ აზრს იტყვის იმიტომ, რომ ის ევროპარლამენტარისგან ნათქვამია, არ მიმაჩნია, რომ უდავო ჭეშმარიტებად უნდა მივიჩნიოთ. შინაარსობრივადაც შეგვიძლია ეს გავაანალიზოთ და აღმოვაჩინოთ, რომ არავითარი მიზეზი განცხადებისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, არ არსებობს,"- აღნიშნავს სარჯველაძე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტის განხილვას იწყებს. მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონის პროექტზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იმსჯელებენ.