ანტარქტიდის ყინულის ქვეშ მდინარეთა უზარმაზარი სისტემა აღმოაჩინეს

ანტარქტიდის ყინულის ქვეშ მდინარეთა უზარმაზარი სისტემა აღმოაჩინეს

მეცნიერთა გუნდმა ანტარქტიდის სქელი ყინულის ქვეშ მდინარეთა უზარმაზარი სისტემა აღმოაჩინა, რომელიც 460 კილომეტრი სიგრძისაა. ის შესაძლოა, კლიმატის ცვლილების პარალელურად, ყინულოვანი საფარის დნობის პროცესს აჩქარებდეს.

"იქ მთელი სისტემებია, რომლებიც ერთმანეთთან მდინარეთა ვრცელი ქსელებითაა დაკავშირებული", — აცხადებენ ავტორები.

მათი თქმით, ამ გიგანტურ რეზერვუარში წყალი გერმანიისა და საფრანგეთის საერთო ტერიტორიის ეკვივალენტური არეალიდანაა გაერთიანებული. ეს ნიშნავს, რომ ყინულის ფსკერზე წყალი იმაზე აქტიურად მიედინება, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ.

"გამოკვლეული რეგიონი საკმარის ყინულს შეიცავს იმისთვის, რომ გლობალურად ზღვის დონე 4.3 მეტრით გაზარდოს. ის, თუ რა სისწრაფით და რა მოცულობის ყინული დადნება, ფსკერის დაქანებაზეა დამოკიდებული. მდინარეთა ახალაღმოჩენილი სისტემა შესაძლოა, ამ პროცესზე სერიოზულ გავლენას ახდენდეს", — ამბობენ მეცნიერები.

კვლევაში სპეციალისტებმა ყინულოვანი საფარის ჰიდროლოგიური და სარადარო მონაცემები შეაჯერეს, რათა გაეგოთ, რა იმალებოდა ამ სქელი ზედაპირის ქვეშ. ისინი კონცენტრირდნენ მიუდგომელ რეგიონზე, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ ანტარქტიკის საფარის ყინულს შეიცავს და უედელის ზღვამდე ვრცელდება.

ასეთ სიღრმეზე წყლის მოხვედრის ორი გზა არსებობს: ის ან ხმელეთზე ყინულის გადაადგილებით გამოწვეული ხახუნის გამო დნობისა და დედამიწისთვის ჩვეული სითბოს გავლენის შედეგია, ან — ზედაპირიდან გამლღვალი ყინულის ნაპრალებში ჩადინების.

ანტარქტიდაზე ზაფხულობით ძალიან ცივა იმისთვის, რომ საკმარისი მოცულობის ყინული დადნეს და ასეთი ღრმულების გაჩენა განაპირობოს, ამიტომ ვარაუდობდნენ, რომ ყინულის ფსკერზე უმნიშვნელო ოდენობის წყალი იყო.

ბოლო კვლევა საპირისპიროს ამტკიცებს და ცხადყოფს, რომ ლღობის შედეგად მიღებული წყალი მდინარეთა მთელ სისტემას "კვებავს". მეცნიერები არ გამორიცხავენ რომ ანტარქტიდამ გრენლანდიის ბედი გაიზიაროს, სადაც ყინული ბევრად სწრაფად დნება. ისინი გეგმავენ შეისწავლონ, თუ როგორ აისახება ეს პროცესები პლანეტაზე.