ნიკა მელია: არ ვამართლებ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებმაც ვადაზე ადრე მიიღეს გადაწყვეტილება, შესულიყვნენ პარლამენტში – ამ ყველაფრის კატალიზატორი იყო „ნაციონალური მოძრაობა“

ნიკა მელია: არ ვამართლებ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებმაც ვადაზე ადრე მიიღეს გადაწყვეტილება, შესულიყვნენ პარლამენტში – ამ ყველაფრის კატალიზატორი იყო „ნაციონალური მოძრაობა“

მე არ ვამართლებ იმ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, რომლებმაც ვადაზე ადრე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შესულიყვნენ პარლამენტში. ამ ყველაფრის კატალიზატორი იყო „ნაციონალური მოძრაობა“ – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ქუჩის აქციების დროს, პარტიის მაშინდელი თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადება იყო ბიძგი პატარა პარტიებისთვის, რომ პარლამენტში შესულიყვნენ.

„პირველი ნოემბრიდან რომ დაიწყო, მერე იყო 8 ნოემბრის აქცია, შემდეგ ცესკო-სთან, როდესაც წყლის ჭავლით დაგვიპირისპირდნენ 9 ნოემბერს დილით ჩვენგან მოულოდნელად ჩვენი პარტიის თავმჯდომარემ განცხადება გაავრცელა – რა დროს ქუჩის აქციებია, მოლაპარაკების მაგიდას მივუსხდეთო. პატარა პარტიის ლიდერებმა როდესაც დაინახეს, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის შიგნით ბზარი გაჩნდა და არ არის კონსენსუსი, ამის შემდეგ მათ გაუადვილდათ იმ გადაწყვეტილების მიღება, რაც მიიღეს. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ნაწილმაც, ჩემის აზრით, ძალიან არასწორი დამოკიდებულება გამოიჩინა და ყველაფერი გააკეთეს, რომ მათ დაერწმუნებინათ ადამიანების ნაწილი, რომ შესულიყვნენ პარლამენტში და დაირღვა ბოიკოტი. როდესაც ეს მოხდა, მე არ ვიყავი თავისუფალი, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობას“ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა“, – განაცხადა მელიამ.

კითხვაზე, გაბრაზებულია თუ არა გრიგოლ ვაშაძეზე, ნიკა მელიამ უპასუხა, რომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას.

„ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას, ბრაზი რა შუაშია. საერთოდ არ მგონია, რომ ის განცხადება შემთხვევით გააკეთა. აბა, 9 ნოემბერს მთელი ერი ერთსულოვანია, ოპოზიციური სპექტრი გაერთიანებულია და უჩუმრად, განცხადებას ავრცელებს. ორი თვის შემდეგ წავიდა პარტიიდან. არის გარემოებები, როდესაც შეიძლება, შემთხვევით აგური დაგექცეს თავზე, მაგრამ შემთხვევითობას ვერ დააბრალო. წარმოუდგენელია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“, მთელი ოპოზიციური სპექტრი შესაშურად შეკრულები ვართ, ამ დროს დამაზიანებელ განცხადებას მარტო ავრცელებდე? მე არ ვამართლებ იმ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, რომლებმაც ვადაზე ადრე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შესულიყვნენ პარლამენტში. ამ ყველაფრის კატალიზატორი იყო „ნაციონალური მოძრაობა“.