მარია დონდე : „EPRA სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს მედიაწიგნიერების განვითარებას“

მარია დონდე : „EPRA სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს მედიაწიგნიერების განვითარებას“

მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალურ კვირეულის შემაჯამებელ კონფერენციაზე დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი კომისიის (OFCOM) საერთაშრისო პოლიტიკის კონტენტის  რეგულირების ხელმძღვანელმა მარია დონდემ მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით არსებული საერთაშორისო მიდგომები და გამოცდილება გააზიარა. მისი თქმით, მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA)  40-ზე მეტი ქვვეყნის  50 მარგულირებელი კომისია მუდმივად უჭერს მხარს ერთმანეთს და უზიარებს გამოცდილებას.

„ბოლო ათი წლის მანძილზე EPRA სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს მედიაწიგნიერების განვითარებას. ამ თემის შუაგულში სწორედ საერთაშორისო თანამშრომლობისა და პარტნიორობის კონცეფცია დგას. ეს არა მხოლოდ ჩვენი წევრებისთვის არის რელევანტური, არამედ მედიაწიგნიერების სფეროსთვის ერთგვარ პარადიგმას წარმოადგენს. მოგეხსენებათ, ეს სფერო თავის მხრივ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზეა დამოკიდებული. ჩვენი წევრები საკუთარ ქვეყნებში პასუხისმგებელი არიან განათლების განვითარებაზე, ცნობიერების ამაღლებაზე, კვლევების ჩატარებაზე, კონტენტის კლასიფიკაციაზე, ისევე როგორც დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობაზე. ყველამ ვიცით, რომ მედიაწიგნიერების მნიშვნელობა გაიზარდა. ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს ისეთ საკითხებში, როგორიცაა სიტყვის თავისუფლება, მედიასტანდარტები, ხარისხიანი ჟურნალიზმის ხელშეწყობა, საზოგადოების სიძულვილის ენისგან დაცვა და ონლაინ-უსაფრთხოება. ყველა ეს თემა მედიაწიგნიერების სფეროშიც საკვანძო როლს თამაშობს. შესაბამისად, მედიაწიგნიერება და აუდიოვიზუალური მედიის რეგულაციები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება“,- განაცხადა კონფერენციაზე მარია დონდემ.

OFCOM- ის წარმომადგენლის თქმით, მედიაწიგნიერების განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია დეზინფორმაციასთან ბრძოლა და ბავშვთა უფლებების დაცვა.  ისევე, როგორც მარეგულირებელი უწყებების კოორდინაცია, რომელსაც EPRA მუდმივად უჭერს მხარს.

„აუდიოვიზუალური მედიის მარეგულირებელ ორგანოებს შეუძლიათ ამ სფეროში საქმიანობის ხელმძღვანელობისა და კოორდინაციის გაწევა. EPRA-მ სწორედ ამ მიზნით ჩამოაყალიბა სპეციალური სამუშაო ჯგუფების ქსელი, რომელიც მედიაწიგნიერების საკითხებს ემსახურება. მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების ქსელმა 2021 წელს დაიწყო ფუნქციონირება. მის წევრთა რიგებში 30-მდე ორგანოა, მათ შორის საქართველოს კომუნიკაციების კომისია, სხვა ეროვნული მარეგულირებელი უწყებები, ასევე მედიისა და ინფორმაციის წიგნიერების ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები, როგორიცაა ბელგიური CSEM და ჰოლანდიური Mediawijsheid, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორია. ჩვენ ძირითადად ყურადღებას ვამახვილებთ მედიაწიგნიერების ქსელებზე და ვმუშაობთ სამი მიმართულებით. პირველია კოორდინაცია და სწავლება, მათ შორის მონაცემთა შეგროვება, ასევე ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება. ქსელის მეშვეობით ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, ერთმანეთს ვუზიარებთ კვლევებს, ერთად ვიზრდებით და ვსწავლობთ“,- განაცხადა მარია დონდემ.