პრინცი ჰარი თავის მემუარებს 2023 წლის 10 იანვარს გამოსცემს და მას სახელად „სათადარიგო“ ერქმევა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Vanity Fair ავრცელებს.
"ეს მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი სურათი იყო: ორი პატარა ბიჭუნა, ორი პრინცი, რომლებიც თავიანთი დედის ცხედარს მიაცილებენ. ამ მომენტს მთელი მსოფლიო შეწუხებული უყურებდა. როცა უელსის პრინცესა დაიანა დაკრძალეს, მილიარდობით ადამიანს აინტერესებდა, თუ რას ფიქრობდნენ და განიცდიდნენ მაშინ პრინცები, როგორ განვითარდებოდა მათი ცხოვრება მომავალში. ეს ისტორია კი ჰარის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. თავისი პირდაპირი, ურყევი გულახდილობით. “Spare" სავსეა სიძნელეებით, მოპოვებული სიბრძნით, რომელიც მწუხარებაზე სიყვარულის მარადიული ძალის გამარჯვებას შეეხება", - წერია მემუარების ოფიციალურ აღწერაში.
მემუარებში პრინცი ჰარი გვიყვება საზოგადოების თვალწინ გატარებულ ბავშვობაზე, ბავშვობის მოგონებებზე.
პრინცი ჰარი წიგნიდან შემოსული თანხის ნაწილს ქველმოქმედებას მოახმარს. კერძოდ, 1,5 მილიონ დოლარით Sentebale-ს, აივ/შიდსზე ორიენტირებულ საქველმოქმედო ორგანიზაციას დაეხმარებიან სამხრეთ აფრიკაში, 300 ათასი ბრიტანული ფუნტით კი WellChild-ს, საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც მხარს უჭერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს.
Spare გამოვა ზუსტად ოთხი თვის შემდეგ დედოფალ ელიზაბეტ II-ის გარდაცვალებიდან და მეფე ჩარლზ III-ის ტახტზე ასვლიდან. წიგნი 16 ენაზე გამოიცემა.