კომუნიკაციების კომისიის მიერ ორგანიზებული მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული შემაჯამებელი კონფერენციით დაიხურა. კონფერენციას ვიდეო მიმართვით დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი კომისიის (OFCOM) საერთაშორისო პოლიტიკის კონტენტის რეგულირების ხელმძღვანელი და მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) ვიცე-თავმჯდომარე მარია დონდე ჩაერთო, რომელმაც მედიაწიგნიერების მიმართულებით დიდი ბრიტანეთის და EPRA-ს წევრი ქვეყნების გამოცდილებაზე ისაუბრა, დონდემ ასევე მედიაწიგნიერების განვითარების კუთხით კომუნიკაციების კომისიის საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება და კომისიის განხორციელებული პროექტები და შედეგები დადებითად შეაფასა.
„მედიაწიგნიერების განვითარებაში მარეგულირებელი ორგანოები მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ. მოგეხსენებათ, რომ მე თავად წარმოვადგენ დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელ ორგანოს - Ofcom-ს. მედიაწიგნიერების განვითარება ჩვენს უშუალო მოვალეობასაც წარმოადგენს. მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA-ს) მეშვეობით მე უკვე წლებია ვთანამშრომლობ კომუნიკაციების კომისიასთან. ჩემზე ყოველთვის კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს კომუნიკაციების კომისიის პროფესიონალიზმი, საერთაშორისო თანამშრომლობისადმი ერთგულება და ევროპულ დიალოგში ჩართულობის სურვილი. ბოლო პერიოდში ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს კომისიის საქმიანობას მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით. კომუნიკაციების კომისია მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების ქსელის წევრია. კომისიამ უკვე საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა ქსელის საქმიანობაში და დაამტკიცა საერთაშორისო თანამშრომლობისადმი მზადყოფნა. ქსელის წევრების ბოლო შეხვედრაზე ჩვენ მოვისმინეთ კომისიის ფართო საქმიანობის შესახებ მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით, მათ შორის ჩვენს უახლეს ერთობლივ ინიციატივაზე, რომელიც საქართველოს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება და მედიაწიგნიერების ეროვნულ სასწავლო პროგრამაში დანერგვას ისახავს მიზნად“, - განაცხადა მარია დონდემ კონფერენციაზე.
მისივე თქმით, განათლების სამინისტროსთან ისეთი მჭიდრო თანამშრომლობა, როგორიც კომუნიკაციების კომისიას აქვს ძალიან საჭირო და ეფექტიანია მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით.
„სამინისტროებთან თანამშრომლობა ძალზედ აქტუალურია მარეგულირებელ ორგანოებს შორის. ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს, დავუკავშიროთ ჩვენი ქსელის საქმიანობა მოზარდების ყოველდღიურ განათლებას და უფრო კოორდინირებული და სტრატეგიული გზით მივაწოდოთ აუდიტორიებს შესაბამისი პროექტები. საქართველოს, ისევე როგორც ჩვენი სხვა წევრების მაგალითები მიუთითებს იმ მეტად სასარგებლო საქმიანობაზე, რომელსაც ერთობლივად ეწევიან მარეგულირებელი ორგანოები და სამინისტროები. გარდა ამისა, კომისია მუშაობს მედიაწიგნიერების განვითარებასთან დაკავშირებულ ყველა იმ საკითხზე, რომელზეც უმნიშვნელოვანესია - ეს არის დაინტერესებულ მხარებთან თანამშრომლობა, საჯარო დისკუსიების ხელშეწყობა, პოლიტიკის შესახებ მსჯელობა, კვლევის მხარდაჭერა, მედიასთან თანამშრომლობა და სემინარების უზრუნველყოფა. ასევე ჩვენ ვიცით, რომ კომუნიკაციების კომისია თავისი სტრატეგიებისა და ინსტრუმენტების განვითარების მიზნით მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანელ კოლეგებთან“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენელმა მარია დონდემ.