მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში მედიააკადემია და კიბერუსაფრთხოების ასოციაცია სტარტაპერებს შეხვდა

მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში მედიააკადემია და კიბერუსაფრთხოების ასოციაცია სტარტაპერებს შეხვდა

მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის  ფარგლებში მედიააკადემიაში კიბერუსაფრთხოების შესახებ სტარტაპერებისა და სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. გამომდინარე იქიდან, რომ მედიაწიგნიერების, მათ შორის ციფრული წიგნიერების განვითარებაში ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, სემინარი ინტერნეტ თაღლითობას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას მიეძღვნა. სტარტაპერებთან შეხვედრას მედიალაბის ხელმძღვანელი რუსუდან ჩაჩანიძე და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის გუნდი, პრეზიდენტი პროფესორი მაქსიმ იავიჩი, ვიცე-პრეზიდენტი პროფესორი გიორგი იაშვილი და ტექნიკური დირექტორი გიორგი ახალაია უძღვებოდნენ.

რა არის ფინანსური ფიშინგი, როგორ მოიპოვებენ თაღლითები პერსონალურ ინფორმაციას, როგორია ინტერნეტში ფინანსური თაღლითობის სქემები და როგორ უნდა დაიცვას მომხმარებელმა საკუთარი მონაცემები - აღნიშნული გამოწვევების დაძლევასა და საფრთხეების იდენტიფიცირებაში კიბერუსაფრთხოების ექსპერტებმა ცალკეული მაგალითები განიხილეს და სტარტაპებს კონკრეტულ შემთხვევებზე მორგებული რჩევები მისცეს. 

თემის აქტუალობიდან გამომდინარე, მედიააკადემია კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მუშაობას აქტიურად აგრძელებს და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ სხვადასხვა აქტივობას მომავალშიც ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, 24-28 ოქტომბერს საქართველოში უკვე მეორედ მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული ტარდება, რომლის მიზანიც საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების კვირეულს შემაჯამებელი კონფერენციით 28 ოქტომბერს პარტნიორებთან ერთად დახურავს.

კვირეული 24 ოქტომბერს სტუდენტებთან შეხვედრით გაიხსნა, 25 ოქტომბერს კი მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა. 26 ოქტომბერს ინტერნეტის მავნე ზეგავლენისგან ბავშვების დაცვისა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა