მეცნიერებმა მე-17 საუკუნეში მცხოვრები ბავშვის მუმია შეისწავლეს და კვლევის შედეგებს გვიზიარებენ

მეცნიერებმა მე-17 საუკუნეში მცხოვრები ბავშვის მუმია შეისწავლეს და კვლევის შედეგებს გვიზიარებენ

გერმანელმა მეცნიერებმა მეცნიერული ტექნიკებისა და ისტორიული ჩანაწერების გამოყენებით მე-17 საუკუნეში მცხოვრები ბავშვის მუმია შეისწავლეს. კვლევა, რომელშიც ისინი ბავშვის ვინაობასა და ცხოვრებასთან დაკავშირებულ დეტალებს გვიზიარებენ, გამოცემაში Frontiers in Medicine გამოქვეყნდა.

ნეშტი ავსტრიელი არისტოკრატების საოჯახო კრიპტეში, მიწისქვეშა სამლოცველოში, აღმოაჩინეს. ბუნებრივ მუმიფიკაციას ხელი გარემო პირობებმა შეუწყო, დეტალების გარკვევაში კი მეცნიერებს კარგად შემონახული რბილი ქსოვილი დაეხმარა.

გუნდის წევრებმა, კერძოდ, ვირტუალური ავტოფსია და რადიონახშირბადის მეთოდით დათარიღება გამოიყენეს, რათა საოჯახო ჩანაწერები და სამარხიდან მოპოვებული მასალები გამოეკვლიათ.

ვირტუალური ავტოფსია CT სკანირების საშუალებით ჩატარდა. მეცნიერები ძვლების სიგრძეებს, ასევე კბილებსა და გრძელი ძვლების ფორმირებას დააკვირდნენ, შედეგად კი დაადგინეს, რომ სიკვდილისას ბავშვი დაახლოებით ერთი წლისა უნდა ყოფილიყო.

რბილმა ქსოვილმა აჩვენა, რომ იგი მამრობითი სქესისა გახლდათ და თავისი ასაკისთვის ჭარბი წონა ჰქონდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ მშობლებს მისი კარგად გამოკვების საშუალება ნამდვილად ჰქონდათ. მეორე მხრივ, ძვლები სულ სხვა რამეზე მეტყველებს.

ბავშვის ნეკნები მეტისმეტად იყო დეფორმირებული, რაც, როგორც წესი, მწვავე რაქიტის (D ავიტამინოზი) ანდა სურავანდის (C ავიტამინოზი) დროს ხდება. მიუხედავად იმისა, რომ იგი წონის მოსამატებლად საკმარის საკვებს იღებდა, ვიტამინები მაინც აკლდა. რაქიტს, ჩვეულებრივ, ძვლების მორკალა ახასიათებს, რაც გვამს არ აღენიშნებოდა. შესაბამისად, სავარაუდოდ, ეს იმან გამოიწვია, რომ ბავშვი არც დადიოდა და არც ხოხავდა.

ვირტუალური ავტოფსიით გამოვლინდა, რომ ბავშვს ფილტვებში ანთება ჰქონდა, რაც პნევმონიას ახასიათებს. ვინაიდან რაქიტის, D ავიტამინოზის, მქონე ბავშვები პნევმონიის მიმართ მეტად მოწყვლადები არიან, შესაძლოა, მისი ადრეული სიკვდილი სწორედ ამ დეფიციტს გამოეწვია.

"ჭარბწონიანობისა და ვიტამინების მწვავე დეფიციტის კომბინაცია მხოლოდ კარგი კვებითი სტატუსითა და ამავდროულად მზის სინათლის სრული ნაკლებობით შეიძლება აიხსნას", — გვიხსნის ანდრეას ნერლიხი, კვლევის ხელმძღვანელი — "ადრინდელ პოპულაციებში არისტოკრატი ბავშვების საცხოვრებელი პირობები ხელახლა უნდა განვიხილოთ".

ბავშვის სიკვდილის სავარაუდო მიზეზის დადგენის შემდგომ მეცნიერები მისი იდენტობის საკითხს მიადგნენ.

თავის ქალის დეფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, სავარაუდოდ, ხის კუბო ბავშვისათვის საკმარისად დიდი არ იყო. მეორე მხრივ, სპეციალური დათვალიერებით დადგინდა, რომ იგი ძვირადღირებული აბრეშუმის გრძელი, კაპიუშონიანი მოსასხამის ამარა დაკრძალეს.

ნეშტი სპეციალურად სტარჰემბერგის გრაფებისათვის განკუთვნილ კრიპტეში იპოვეს, სადაც, როგორც წესი, გრაფის კანონიერ მემკვიდრეებსა — უმეტესად პირველ ვაჟებს — და ცოლებს მარხავდნენ. შესაბამისად, დიდი ალბათობით, ბავშვი სტარჰემბერგის გრაფის პირველი ვაჟი გახლდათ. კანის ნიმუშის რადიონახშირბადული დათარიღების მიხედვით, იგი დაახლოებით 1550-1635 წლების შუალედში დაკრძალეს, თუმცა, ისტორიული ჩანაწერებით, იგი კრიპტეს განახლების შემდეგ დამარხეს დაახლოებით 1600 წელს. ის ამ კრიპტეში დაკრძალული ერთადერთი ბავშვია.

"ოჯახის სხვა ბავშვების ხვედრთან დაკავშირებით არანაირი მონაცემი არ გვაქვს", — დასძინა ნერლიხმა — "ჩვენი მონაცემების მიხედვით, დიდი ალბათობით, ბავშვი გრაფის პირველი ვაჟი იყო კრიპტეს აგების შემდეგ, შესაბამისად, ალბათ, მასზე განსაკუთრებით იზრუნეს".

საბოლოო ჯამში პატარა ბიჭის როლისათვის ერთადერთი სავარაუდო კანდიდატიღა დარჩა: რაიხარდ ვილჰელმი, რომელიც მგლოვიარე ოჯახმა თავისი ბაბუისა და სეხნიის, რაიხარდ ფონ სტარჰემბერგის, გვერდით დამარხა.