კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტის მავნე ზეგავლენისგან ბავშვების დაცვისა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. სემინარი მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, ასოციაცია „მშობლები განათლებისთვის“ მხარდაჭერით ჩატარდა. მშობლებთან შეხვედრა #94-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა და მას 30-ზე მეტი მშობელი ესწრებოდა.
კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანი გვეტაძემ შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია, ბავშვების ინტერნეტ ქცევისა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების წესების შესახებ, მათ შორის, რა რისკები არსებობს ინტერნეტის არასწორად გამოყენებისას, როგორია ახალგაზრდების მიერ მედიის გამოყენების ჩვევები და როგორ დაიცვან მოზარდები ინტერნეტის მავნე ზეგავლენისგან.
შეგახსენებთ, რომ 24-28 ოქტომბერს კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, საქართველოში უკვე მეორედ მედიაწიგნიერების კვირეული იმართება. კვირეული 2021 წელს გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში ტარდება, რომლის მიზანი საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.
მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისია სხვადასხვა საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სკოლებთან, უნივერსიტეტებსა და მედიააკადემიასთან ერთად ატარებს. კვირეულის განმავლობაში ტარდება სხვადასხვა აქტივობა თბილისსა და რეგიონებში, რომლებშიც ჩართული არიან მოსწავლეები, სტუდენტები, პედაგოგები და მშობლები. 24 ოქტომბერს კვირეული სტუდენტებთან შეხვედრით გაიხსნა, 25 ოქტომბერს კი მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა.
27 ოქტომბერს კვირეულის ფარგლებში მედიააკდემიაში, მედიალაბის ორგანიზებით, კიბერუსაფრთხოების თემაზე დისკუსია გაიმართება, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული კი 28 ოქტომბერს შემაჯამებელი კონფერენციით დაიხურება.