კომპანია Adidas-მა ამერიკელ რეპერ კანიე უესტთან პარტნიორობის გაწყვეტის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი უესტის ანტისემიტური განცხადებები გახდა.
„Adidas-ი არ მოითმენს ანტისემიტიზმს და სიძულვილის ენის ნებისმიერ სხვა გამოვლენას. იეს (უესტის ოფიციალური სახელი) ბოლო კომენტარები იყო მიუღებელი, სიძულვილით სავსე და სახიფათო. ეს არღვევს კომპანიის ღირებულებებს. კომპანიამ გადაწყვიტა დაუყოვნებლივ გაწყვიტოს პარტნიორობა იესთან და შეწყვიტოს ბრენდ Yeezy-ის პროდუქციის წარმოება“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
Adidas-ი უესტთან ერთად ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ხაზს Yeezy უშვებდა. რეპერს კომპანიის გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ცოტა ხნის წინ, უესტმა Twitter-ზე დაწერა, რომ „ებრაელი ერის წინააღმდეგ სასიკვდილო რეჟიმ 3-ში“ გადავა და რეპერ შონ კომბსთან მიმოწერაში მინიშნება გააკეთა, რომ მას გავლენიანი ებრაელები აკონტროლებენ.