ზურაბ ჯაფარიძე:  ოროსნების ლიდერი ვართ

ზურაბ ჯაფარიძე: ოროსნების ლიდერი ვართ

პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა და განაცხადა, რომ პარტნიორები ევროკომისიის მიერ წარდგენილი 12 პუნქტის შესრულებაში საქართველოს მხრიდან საკმარის პროგრესს ვერ ხედავენ.

როგორც ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განმარტა, დიდი ალბათობით, ევროკომისიის დასკვნა უარყოფითი იქნება.

„მოლოდინი იყო, რომ წელს იქნებოდა გარკვეული ტიპის შეფასება, რადგან აპირებენ შეფასებას მოლდოვასა და უკრაინასთან მიმართებით. იმედი იყო, რომ შეიძლებოდა საქართველოც მოხვედრილიყო. გვითხრეს, რომ მაღალი ალბათობით, ასეთი შეფასება წელს არ მოხდება, რადგან საკმარის პროგრესს ვერ ხედავენ. შესაბამისად, ამის გამო, წელს შეფასებისგან ალბათ, თავს შეიკავებენ. ფიქრობენ, რომ შეფასებას დაიწყებენ მომავალ წელს, თებერვალ-მარტში და შეფასება მთელი წლის განმავლობაში გაგრძელება. საბოლოოდ, დასკვნა მომავალი წლის ბოლოს დაიდება. 99%-იანი ალბათობით შემიძლია გითხრათ, რომ ეს დასკვნა უარყოფითი იქნება. თვითონ ამბობენ, რომ პუნქტების ნაწილი საჭიროებს არა რაღაც ტიპის საკანონმდებლო ცვლილებებს, არამედ დროში დაკვირვებას, მათ შორის ეს ისეთი პუნქტებია, რომლებიც ეხება მართლმსაჯულებას, ანტიკორუფციულ მოქმედებებს... რაზეც ხაზგასმით აღნიშნეს, ეს არის დეოლიგარქიზაციის პუნქტი, რომელიც დროში უნდა ნახონ, ნამდვილად მუშაობს თუ არა. ისინი ამბობენ, რომ „ოცნებამ“ ბევრი დრო გაუშვა“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ბრიუსელში კარგად ინფორმირებული არიან „ქართული ოცნების“ ლიდერების ანტიდასავლური რიტორიკის შესახებ. ზურა ჯაფარიძის თქმით, მათ ხელისუფლებასთან კომუნიკაცია ჰქონდათ და უთხრეს, რომ პარტნიორებს ასე არ ექცევიან.

„ანტიდასავლურ რიტორიკას ხედავენ. მაგალითად, გვითხრეს, რომ რამდენჯერმე კომუნიკაცია ჰქონდათ „ქართულ ოცნებასთან“, უთხრეს, რომ არ შეიძლება ასეთი ტყუილების სროლა, თითქოს დასავლეთი ცდილობს საქართველო ომში ჩაითრიოს. სიტყვა-სიტყვით ვუთხარითო, რომ პარტნიორი ქვეყნები პარტნიორებს ასე არ ექცევიანო, თუმცა ამის მიუხედავად მაინც აგრძელებენო. არანაირი ილუზია არ გვაქვსო, რომ ხალხის ძალა და „ქართული ოცნება“ სხვადასხვა პოლიტიკური ძალა არისო. ვიცით, რომ „ქართული ოცნება“ არისო და ამით თავს არავინ მოიტყუებსო. ეს ცხადია, აისახება. იგივე გვითხრეს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ბრიუსელში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან 12 პუნქტის შესასრულებლად საკმარის ნაბიჯებს ვერ ხედავენ, როგორიც არის მაგალითად, დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია. „შენ უნდა იყო ხუთოსანზე უფრო ხუთოსანი, რომ იქ სათქმელი არავის დაუტოვო, ჩვენ ხუთოსანი კი არა, ოროსნების ლიდერი ვართ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი განმარტებით, ყველა შეხვედრაზე ამბობენ, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შანსი და არ სურთ, ეს შანსი გამოტოვოს.

„არ არსებობს ქვეყანაში პოლიტიკური ნება, რომ ეს პუნქტები შესრულდეს. ვიღაც იქიდან გვემაიმუნება, ვირეშმაკობს. ჰგონია, რომ აქ სულელები ვსხედვართ, რაღაცას მოგვატყუებს, შემოგვტენის ან დაგვაჯერებს“, - განაცხადა ჯაფარიძემ. მას ეჭვი ეპარება იმაში, რომ ხელისუფლება ევროკომისიის მიერ შეთავაზებულ 12 რეკომენდაციას შეასრულებს.

„როცა შენი ქვეყნის ხელისუფლება ამბობს, რომ ამბიცია არ უნდა გქონდეს, ჩვენ პატარა სოფელი ვართ, ვის, რა გვეკითხება, არაფერში უნდა გავერიოთ, გაცხადებული პოლიტიკა აქვს, რომ საქართველოში არსებული პრობლემები საერთაშორისო დღის წესრიგში არ ფიგურირებდეს, რუსეთს პრობლემები არ უნდა შეუქმნას და ა.შ. ცხადია, დღის წესრიგიდან გაქრები, შენ გამო თავს არავინ მოიკლავს“, - აღნიშნავს ზურა ჯაფარიძე.