საქართველოში უსაფრთხოება და მშვიდობაც მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, დასავლეთისთვის, ვინაიდან საქართველოც და ნებისმიერი მეგობარი ქვეყანა მაშინ შეძლებს ეფექტურად უკრაინის მხარდაჭერასა და დახმარებას, როდესაც ექნება მშვიდობა და უსაფრთხოება დაცული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
მან ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტის მუშაობა შეაფასა. ასევე, უკრაინელ კოლეგებთან მათი შეხვედრები და ურთიერთობები.
თალაკვაძის თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში მათ საშუალება ჰქონდათ უკრაინელ კოლეგებთან საუბრისა და ინფორმაციის გაცვლის, მათ შორის ურთიერთობის შესაძლებლობა ჰქონდათ პარლამენტის თავმჯდომარეებსაც. თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობები პოზიტიური ხასიათის იყო.
„ყირიმის სამიტის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია, რომ იმ რამდენიმე პოლიტიკოსის განცხადებები, რომელსაც დისონანსი შეაქვს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში და რომელიც რეალურად დამაზიანებელია იმ ისტორიული მეგობრობის, რაც ჩვენს ხალხებს შორის არსებობს, რეალურად არ გამოხატავს უკრაინის ფართო საზოგადოების განწყობებსა და დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ. მინდა გითხრათ, რომ ზუსტად ასეთივე განწყობა აქვთ ჩვენს უკრაინელ კოლეგებსაც პარლამენტიდან, ვისთანაც ჩვენ ძირითად და პრინციპულ საკითხებზე არანაირი დისკუსია არ გვქონია. ყველანი ვთანხმდებით, რომ საქართველო აკეთებს მაქსიმუმს უკრაინის მხარდასაჭერად, რაც შეუძლია ჩვენს ქვეყანას ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.
ასევე, საერთაშორისო პარტნიორებთან საუბრებში არის კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს საქართველოში უსაფრთხოება და მშვიდობაც მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, დასავლეთისთვის, ვინაიდან საქართველოც და ნებისმიერი მეგობარი ქვეყანა მაშინ შეძლებს ეფექტურად უკრაინის მხარდაჭერასა და დახმარებას, როდესაც ექნება მშვიდობა და უსაფრთხოება დაცული“, - განაცხადა თალაკვაძემ.
ხორვატიაში ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო ასამბლეაში 32 პარლამენტის 43 დელეგაცია, 5 საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაცია და 26 პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობს.