სიტყვებს დიდი ძალა აქვთ, მაგრამ ზოგჯერ ჯობს, სხვების ლაპარაკს ყური არ ათხოვო. განსაკუთრებით, თუკი ხელოვანი ხარ — ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვინც გეტყვის, რომ რასაც აკეთებ, ცუდად აკეთებ. სნობებს რა დალევს, თუმცა, მათთვის რომ მოესმინათ, ამ სტატიაში წარმოდგენილი ვარსკვლავები წარმატებას ნამდვილად ვერ მიაღწევდნენ. არადა, მათაც ზუსტად ასე ეუბნებოდნენ — რომ მათი აზრი მნიშვნელოვანი არაა, ცუდად მღერიან ან საერთოდ ვერ მღერიან.
1. მაიკლ ჯექსონი
1973 წელს, როცა 14 წლის მაიკლ ჯექსონი მუსიკის სამყაროში საკუთარი სახელით დამკვიდრებას ცდილობდა, ჟურნალმა Creem-მა ახალგაზრდა და ახალბედა შემსრულებელი არ დაინდო და განაცხადა, რომ იგი "კარგი მომღერალი არ იყო".
ათწლეულიც არ გასულა, როცა ჯექსონმა 1979 წელს დღეს უკვე პოპის კლასიკად მიჩნეული ალბომი Off the Wall გამოუშვა და თაობის ერთ-ერთი საუკეთესო ვოკალისტის სახელი ჯერ აშშ-ში, შემდეგ კი უკვე მთელ მსოფლიოშიც მოიხვეჭა.
2. მადონა
მადონას პოტენციალის არათუ კრიტიკოსებს, მისთვის ახლობელ ადამიანებსაც კი არ სჯეროდათ. მომღერალს უწუნებდნენ ვოკალურ შესაძლებლობებს და ამბობდნენ, რომ წარმატებას იგი ეპატაჟით უფრო აღწევდა. არადა, ამ "ეპატაჟის" გამო თავის დროზე ბევრი გადაიმტერა კიდეც — რასისტი და ჰომოფობი ხალხიდან ვატიკანამდე.
სიმღერაში Rebel Heart მადონა ამბობს, რომ მან "ნაკლებად პოპულარული გზა არჩია" და "ამას ძლივს გადაურჩა". თუმცა, გადარჩენა რომელია — მომღერალი მუსიკის ინდუსტრიის ლეგენდად იქცა, რომელმაც კარიერის განმავლობაში 300 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა და პოპის დედოფლის წოდებაც დაიმსახურა. სიმღერას რომ თავი დავანებოთ, მადონამ ეპოქალური როლი შეასრულა უმცირესობების უფლებებისთვის ბრძოლაშიც და ინდუსტრიაში მის შემდეგ გამოჩენილ მუსიკოს ქალებს გზა გაუკვალა.
3. ლედი გაგა
მადონასი არ იყოს, ლედი გაგას ცხოვრება და კარიერის დასაწყისიც სირთულეებით სავსე იყო. გაგას პოპის ლეგენდასთან კიდევ ის აქვს საერთო, რომ ორივე მათგანი სექსისტური დამოკიდებულებების სამიზნე გახდა და ორივე მათგანის წარმატებას სკანდალურ ქცევას მიაწერდნენ. სხვათა შორის, ჰომოფობები და რელიგიური ფუნდამენტალისტები მანაც განარისხა.
მისი და მისი შემოქმედების კრიტიკის მიუხედავად, ასობით მილიონი ჩანაწერის გაყიდვა არც ლედი გაგას გასჭირვებია. 2000-იანებში მომღერალმა პოპმუსიკის ახალი ეპოქა დაიწყო და არაერთ სხვა ხელოვანზე მოახდინა გავლენა.
4. ტეილორ სვიფტი
ვოკალური მონაცემებს უწუნებდნენ 11 გრემის მფლობელ ტეილორ სვიფტსაც. იგი მელომანებმა თავდაპირველად ქანთრის მომღერლად გაიცნეს და როცა მან პოპმუსიკის შექმნაც დაიწყო, სერიოზულად ბევრი არც უყურებდა. მსგავსად მადონასი და ლედი გაგასი, სვიფტის შეფასებებშიც შეიმჩნეოდა სექსისტური დამოკიდებულების კვალი — რომ, მაგალითად, იგი "მხოლოდ ყოფილ პარტნიორებზე წერს სიმღერებს". ადამიანთა ნაწილისგან უმიზეზო სიძულვილის მიღების გარდა, ტეილორს წლების განმავლობაში საკუთარი ლეიბლიც კი საშინლად ექცეოდა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, სვიფტი დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მომღერალია, რომელიც 2019 წელს "ათწლეულის ხელოვანადაც" კი დაასახელეს.
5. ელვის პრესლი
როცა როკ-ენ-როლის მეფემ სცენაზე პირველად იმღერა, მისმა მენეჯერმა უთხრა, რომ იგი აღარსად აღარ წასულიყო. მეტიც, უმჯობესი იქნებოდა, თუკი მძღოლობას დაუბრუნდებოდა. კარიერის საწყის ეტაპზე პრესლის გამუდმებით ეუბნებოდნენ, რომ იგი "ვერ მღეროდა" — მომავალი ვარსკვლავი ამას ისმენდა მასწავლებლებისგანაც მუსიკის გაკვეთილზე, სადაც იგი კლასელებს ჩამორჩებოდა.
მოგვიანებით, პრესლიმ ბედი ადგილობრივ კვარტეტშიც სცადა, მაგრამ მიღებაზე უარი უთხრეს. იგი არ დანებებულა, მუსიკის შესწავლა განაგრძო და, საბოლოოდ, შესაფერის წრეშიც აღმოჩნდა. მის კარიერაზე ალბათ აღარაფრის დამატებაა საჭირო — ისედაც ვიცით, რომ ელვისი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავია.
6. შაკირა
შაკირა ლათინოამერიკული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეა მსოფლიოში, თუმცა, მის მომავალს ასე სულაც არ ხედავდა ზოგი. მსოფლიო ვარსკვლავი სკოლის გუნდში არ მიიღეს, თავისმა მუსიკის მასწავლებელმა კი უთხრა, რომ მისი ხმა თხის გამოცემულ ბგერებს ჰგავდა. შაკირა დღეს სწორედ რომ თავისი ხმის ტემბრით გამოირჩევა სხვა მომღერლებისგან და მილიონობით ჩანაწერიც მისი დამსახურებით, თავისი შეუპოვრობითა და თავდაუზოგავი შრომით გაყიდა.
7. The Beatles
1962 წელს რამდენიმე ახალბედა ინგლისელმა მუსიკოსმა საცდელი ჩანაწერი გააკეთა და კონტრაქტის გაფორმების იმედით ლეიბლს გაუგზავნა. ლეიბლის ხელმძღვანელმა მომავალ The Beatles-ს განუცხადა, "გიტარის ჯგუფების დრო წავიდა", თქვენ კი "შოუბიზნესში მომავალი არ გაქვთო".
არადა, "მომავალში" ის კაცი მხოლოდ იმიტომ გვახსოვს, რომ თავის დროზე The Beatles დაიწუნა. ლივერპულელმა ოთხეულმა რომ მერე მსოფლიო დაიპყრო და ერთიმეორის მიყოლებით გამოუშვა ჰიტები, ამაზე საუბრით კი თავს აღარ შეგაწყენთ.
8. Spice Girls
კიდევ ერთი ბენდი, რომლის წარმატების არავის სჯეროდა, Spice Girls არის. ცნობილმა პროდიუსერმა, საიმონ კოუელმა, 1990-იანი წლების დასაწყისში გოგოებთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. პროდიუსერებში Spice Girls-ს არც მერე გაუმართლა — ჯგუფის წევრებს შემოქმედებითი თავისუფლება არ ჰქონიათ და მათ აზრს არავინ უსმენდა. ბენდმა მოგვიანებით ლეიბლიც შეიცვალა, თუმცა, მენეჯერების უფრო ხშირად გამოცვლა მოუხდათ, რადგან მათი უმეტესობა სიმღერებსა და ალბომებზე გოგოების მოსაზრებებს არ ითვალისწინებდა.