სამხედრო ანალიტიკოსი ლაშა ბერიძე: „ბინძური ბომბი“ არის ჩვეულებრივი ასაფეთქებელი ნივთიერებებისგან შემდგარი ბომბი, რომელიც გაძლიერებულია რადიოაქტიური საშუალებებით

სამხედრო ანალიტიკოსი ლაშა ბერიძე: „ბინძური ბომბი“ არის ჩვეულებრივი ასაფეთქებელი ნივთიერებებისგან შემდგარი ბომბი, რომელიც გაძლიერებულია რადიოაქტიური საშუალებებით

ნებისმიერი ბირთვული ესკალაციის რუსეთს ძალიან ეშინია - ისე ეშინია, როგორც ცდილობს სხვების შეშინებას, - ამის შესახებ პოლკოვნიკმა და სამხედრო ანალიტიკოსმა, ლაშა ბერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, თითქოს უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოყენებით პროვოკაციას გეგმავს.

ამასთან, ლაშა ბერიძემ დეტალურად განმარტა, თუ რას ნიშნავს ე.წ. „ბინძური ბომბი“.

„ბინძური ბომბი“ არის ჩვეულებრივი ასაფეთქებელი ნივთიერებებისგან შემდგარი ბომბი, რომელიც გაძლიერებულია რადიოაქტიური საშუალებებით. ამას აფეთქების ეფექტი ექნება ისეთივე, როგორც ტროტილს ან ჰექსოგენს, მაგრამ მისი აფეთქების შედეგად დარჩება რადიოაქტიური დასნებოვნება, რაც გამოიწვევს მოსახლეობის გრძელვადიან დაზიანებას. სტანდარტულ ბირთვულ ბომბს აქვს 5 დამაზიანებელი ფაქტორი - ეს არის ელექტრომაგნიტური იმპულსი, დარტყმითი ტალღა, გამოსხივება, შუქური გამოსხივება და რადიოაქტიური გამოსხივება. „ბინძურ ბომბს“ ასეთი ეფექტები არ აქვს, თუმცა ყველაზე ცუდი ეფექტი აქვს, რაც არის რადიოაქტიური დასნებოვნება.

რაც რუსეთმა ბირთვული შანტაჟის შედეგად მიიღო, ეს არის ის, რომ თუ ისინი რამენაირად გაეთამაშებოდნენ ბირთვულ იარაღს, მიიღებდნენ საკადრის პასუხს და აშკარად ჩანს, რომ რუსეთს ამის ძალიან ეშინია. ახლა შანტაჟის შემდეგი ეტაპი არის ე.წ. „ბინძური ბომბი“. რუსეთი ცდილობს ყველანაირად გამოიყენოს ზეწოლა, რომ ყურადღება გადაიტანოს ძირითადი საკითხიდან, რაც არის მისი მარცხი ბრძოლის ველზე. რუსეთი ყველანაირად ცდილობს, რომ დასავლეთის, უკრაინის და ყველას ყურადღება გადაიტანოს და მის არსენალში არსებული შეიარაღება მაქსიმალურად გამოიყენოს. რუსეთს სრულად აქვს დაკარგული ნდობა ყველას თვალში, ამიტომ დასავლეთში „ბინძური ბომბის“ ისტორიას არავინ დაიჯერებს. ნებისმიერი ასეთი ბომბის ამოქმედება იქნება აღქმული, როგორც რუსეთის მიერ მისი გამოყენება. ნებისმიერი ბირთვული ესკალაციის რუსეთს ძალიან ეშინია - ისე ეშინია, როგორც ცდილობს სხვების შეშინებას“, - განაცხადა ლაშა ბერიძემ.

ამასთან, სამხედრო ანალიტიკოსმა უკრაინის სამხრეთ, ქალაქ ხერსონთან არსებულ ფრონტზე რუსეთის სამხედრო ნაწილების სტრატეგიული უკან დახევის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, რუსეთის მიზანია, რომ ტაქტიკურად გაწელოს კონფლიქტი და თავისი დამარცხება 1-2 თვით გადადოს.

„ხერსონის დაცლა არის რუსების მხრიდან ტაქტიკურად სწორად გადადგმული ნაბიჯი. სამწუხაროა, მაგრამ ასეა. რუკას რომ დავხედოთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან გარშემო უვლის მდინარე დნიპრო, რომელიც არის ძალიან დიდი მდინარე. მისი ფორსირების შესაძლებლობა არც უკრაინელებს აქვთ და არც რუსებს. ხერსონის დატოვებით და დნიპროს მეორე მხარეზე გადმოსვლით რუსეთი შეძლებს, რომ ტაქტიკურად გაწელოს ეს კონფლიქტი და თავისი დამარცხება გადადოს 1-2 თვით. შავი ზღვიდან, სადაც მას მდინარე დნიპრო უერთდება, ქალაქ ზაპოროჟიემდე, არის მხოლოდ 2 გადასასვლელი - ეს არის ანტონოვკის ხიდი, რომელიც ცუდ მდგომარეობაშია და დიდი ალბათობით, მას რუსები ააფეთქებენ და ნოვოკახოვკას ხიდი, რომელიც რეალურად არის კაშხალი. რუსებმა ასე თუ ისე, გააცნობიერეს რეალური მარცხი. თუკი უკრაინელები მოახერხებენ და გადავლენ დნიპროს მარცხენა სანაპიროზე და დაიკავებენ პლაცდარმს - ქალაქ ნოვოკახოვკას, ფაქტობრივად, რუსეთის სწრაფი მარცხი სამხრეთში იქნება გარდაუვალი. ეს სწრაფი მარცხი არ ეხება მხოლოდ ხერსონს, ეს ასევე შეეხება ყირიმს და რუსეთისთვის მის დაკარგვას. მისი შენარჩუნების რესურსი რუსეთს არ გააჩნია, ახლა რუსები ცდილობენ გეოგრაფიული პირობები გამოიყენონ იმისათვის, რომ შეაფერხონ უკრაინელების მდინარის მეორე მხარეს გადასვლა“, - განაცხადა ლაშა ბერიძემ.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ უკრაინა „ბინძური ბომბის“ საკუთარ ტერიტორიაზე გამოყენებით პროვოკაციას გეგმავს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, სერგეი შოიგუს ეს განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთმა უკვე მოამზადა ყველაფერი, ამიტომ მსოფლიომ რაც შეიძლება მკაცრად უნდა უპასუხოს.