ჯორჯ ფლოიდის შვილის დედა, როქსი ვაშინგტონი, ამერიკელ რეპერ კანიე ვესტს სასამართლოში უჩივის და ცილისწამებისთვის ზარალის $250 მილიონით ანაზღაურებას ითხოვს. ვესტმა ერთ-ერთ პოდკასტერთან სტუმრობისას განაცხადა, რომ 46 წლის წლის კაცი არა პოლიციის ოფიცრის მხრიდან ძალის გადამეტებამ, არამედ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებამ იმსხვერპლა.
"მისტერ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი, მისი უდროო და საზარელი სიკვდილის შემდეგ გამართულ სასამართლო პროცესებზე წარდგენილი მტკიცებულებების მიერ დამტკიცდა", — წერია ვაშინგტონის წარმომადგენლების ვესტისადმი მიმართვაში, — "ამის მიუხედავად, თქვენ დანაშაულებრივი განცხადებები გააკეთეთ, რომლებიც სიმართლესა და საფუძველსაა მოკლებული; ამასთან ისინი მისტერ ფლოიდის მემკვიდრეობასა და ოჯახს ზიანს აყენებენ".
სხვათა შორის, ამავე ინტერვიუში ცნობილმა რეპერმა ანტისემიტური განცხადებებიც გააკეთა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი კომენტარების გაკეთებისთვის რეპერი რამდენიმე სოციალურ ქსელშიც დაბლოკეს, რის შემდეგაც მან სხვა პლატფორმის ყიდვა მოიწადინა.
ვესტის მტკიცების მიუხედავად, სამედიცინო ექსპერტის დასკვნა მოწმობს, რომ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ჟანგბადის ნაკლებობა გახდა, რაც, თავის მხრივ, პოლიციელის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის შედეგი იყო.
ფლოიდის მკვლელობას 2020 წელს აშშ-ში ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები მოჰყვა. კოვიდრეგულაციებისა და კომენდანტის საათი მიუხედავად, მოქალაქეები სისტემური რასიზმის პრობლემას ათეულობით ქალაქში აპროტესტებდნენ ერთი დევიზით — "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია".
ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს, დერეკ შოვინს, შარშან სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 22 წლითა და 6 თვით.