თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ჯაბა სამუშიას კომენტარი მედიასთან

თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ჯაბა სამუშიას კომენტარი მედიასთან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ თანამდებობაზე მისი მუშაობის პერიოდში არ იქნება არცერთი დახურული კითხვა. „შევეცდები ყველა იმ კითხვაზე გავცე პასუხი, რომელიც აწუხებს სტუდენტობას, გვექნება მუდმივი დიალოგი ყველასთან, ვისაც გული შესტკივა თსუ-ის მომავალზე. ჩემთვის უნივერსიტეტი ეფუძნება სამ რამეს: ესაა საუკუნოვანი ტრადიცია, პროფესურა და სტუდენტობა. ამ სამივე მიმართულებით გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა გაიზარდოს ჩვენი უნივერსიტეტის ავტორიტეტი, კიდევ უფრო ჩაერთოს პროფესურა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში და სტუდენტობას ყველანაირად შევუწყოთ ხელი,“-განაცხადა ჯაბა სამუშიამ.  მისი თქმით, დიალოგის გარეშე არანაირი შედეგი არ დადგება, ამიტომ ეს პროცესი მომდევნო კვირიდან დაიწყება უნივერსიტეტში.

თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მისი არჩევისას კენჭისრის პროცედურასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობდა, ხოლო თუ რატომ იყო ის  ერთადერთი კანდიდატურა არჩევნებზე, აღნიშნა: „ეს შესაძლოა იმიტომ მოხდა, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ფუნქცია გარკვეულწილად არის რექტორის არჩევნებისთვის მომზადება და, ალბათ, ამანაც განაპირობა ის ფაქტი, რომ სხვას არ გამოუთქვამს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი.“

ჯაბა სამუშიას თქმით, ის დახურულ კარს მიღმა შეხვდება იმ სტუდენტებს, რომელთაც კენჭისყრის მიმდინარეობისას აქცია მოაწყვეს: „მინდა, რომ ამ ადამიანებს პირველმა გავუწოდო მეგობრობის ხელი. მე არავისგან არაფერი მაქვს დასამალი, მით უფრო ჩემი სტუდენტებისგან. შეხბედრა იქნება გაცნობითი ხასიათის, შინაურულ გარემოში.“