შემოსავლების სამსახურის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

შემოსავლების სამსახურის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

შემოსავლების სამსახურის უფროსს ახალი უფლებამოსილება ემატება, რომლის მიხედვითაც, იგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილეს სახელმწიფო სპეციალურ წოდებას მიანიჭებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილებები შედის „შემოსავლების სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში. კანონპროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტი, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით  წარადგინა.

კანონპროექტის მიხედვით, თანამდებობისა და წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილეს მიენიჭება სპეციალური სახელმწიფო წოდება. მათთვის სპეციალური სახელმწიფო წოდების მინიჭების, აგრეთვე სამსახურში მიღების, განთავისუფლების (დათხოვნის) და სამსახურის გავლის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამასთანავე აღნიშნული წოდების მქონე თანამშრომლები მიიღებენ შრომის ანაზღაურებას, რომელიც შედგება თანამდებობრივი სარგოს, სახელფასო დანამატის, ფულადი ჯილდოსაგან, აგრეთვე, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატისაგან და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატებისგან.

„შემოსავლების სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი პარლამენტმა 74 ხმით დაამტკიცა.