38 წლის ქლოი კარდაშიანმა, რომელიც რეალითი შოუ The Kardashians-ის ვარსკვლავია, ინსტაგრამ სთორიზე რამდენიმე პოსტი გააზირა, რომლებშიც დეტალურად აღწერა თავისი გზა სიმსივნური წარმონაქმნის აღმოჩენიდან მისი სამედიცინო გზით მოშორებამდე. მისი თქმით, ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა სახეზე პატარა კოპი შეამჩნია და შეცდომით გამონაყარი ეგონა.
"მას შემდეგ, რაც პატარა კოპისმაგვარი წარმონაქმნი შევამჩნიე ჩემს სახეზე და ვიფიქრე, რომ უბრალო გამონაყართან მქონდა საქმე, 7 თვე გავიდა, სანამ გადავწყვიტე ბიოფსია გამეკეთებინა, რადგანაც ეს წარმონაქმნი ამ დროის განმავლობაში არსად გამქრალა," — წერდა ქლოი.
ქლოი კარდაშიანის თქმით, ბიოფსიის გაკეთება იმანაც გადააწყვეტინა, რომ ორმა სხვადასხვა დერმატოლოგმა უთხრა, ასეთი კოპის ქონა ძალიან იშვიათი შემთხვევა იყო მისი ასაკის ადამიანისთვის.
"რამდენიმე დღის შემდეგ მითხრეს, რომ სასწრაფო ოპერაცია მჭირდებოდა, სიმსივნური წარმონაქმნი სახიდან რომ მომეშორებინა," — განაგრძო ქლოიმ.
ვარსკვლავმა ექიმი გართ ფიშერი აირჩია ქირურგად და ამბობს, რომ ახლა ნაჭრილობევის მოშუშების პროცესშია და ამიტომ სახეზე სახვევის ტარება მოუწევს.
ქლოის თქმით, ეს ისტორია საჯაროდ იმიტომ გააზიარა, რომ ხალხს შეახსენოს, რამდენად მნიშვნელოვანია დროულად მივიდნენ ექიმთან გამოკვლევებზე და თუკი რაიმე უცნაურობას შეამჩნევენ თავიანთ კანს, დერმატოლოგთან ვიზიტი აღარ გადადონ.
ვარსკვლავმა ისიც დაამატა, რომ მზისგან დამცამ კრემს ყოველთვის იყენებს, თუმცა ეს კანის სიმსივნესთან მისი პირველი ბრძოლა არ ყოფილა — 19 წლის იყო, როცა მელანომა აღმოაჩნდა.
"მე მიდრეკილი ვარ მელანომისკენ, თუმცა ისინიც კი, ვინც არ არიან, მაინც უნდა იმოწმებდნენ კანს რუტინულად. გთხოვთ, სერიოზულად მოეკიდეთ ამ საკითხს, დაკვირვებით შეიმოწმეთ თქვენი სხეული და იარეთ ყოველწლიურ გამოკვლევებზე," — ურჩია ქლოიმ ფანებს.