მიხვდებოდნენ თუ არა უცხოპლანეტელი ასტრონომები, რომ დედამიწაზე სიცოცხლეა?

მიხვდებოდნენ თუ არა უცხოპლანეტელი ასტრონომები, რომ დედამიწაზე სიცოცხლეა?

როგორ დაინახავდნენ დედამიწას უცხოპლანეტელი ასტრონომები? აჩვენებდა თუ არა მათი დაკვირვებები, რომ აქ სიცოცხლე არსებობს? ახალი კვლევა სწორედ ამ კითხვებზე პასუხს გვთავაზობს.

სიცოცხლისთვის თავსებადი ციური სხეულის აღმოჩენა კაცობრიობისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი და მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელიც ჯერ კიდევ წინ გვაქვს. აქამდე მიკვლეულ 5 000-ზე მეტ ეგზოპლანეტას შორის ზოგის მახასიათებელი გარკვეულ იმედს გვიჩენს, თუმცა დაზუსტებით ვერცერთ მათგანზე ვიტყვით, რომ იქ რაღაც ნამდვილად არსებობს.

წარმოიდგინეთ, რომ სადღაც შორს, ირმის ნახტომის გალაქტიკაში ჩვენსავით ტექნოლოგიურად განვითარებული არსებები სახლობენ, ღამის ცას ზუსტად ასე შეისწავლიან და ბიოლოგიური კვალის ან უბრალოდ რაიმე ხელჩასაჭიდის პოვნას ცდილობენ. რა ინფორმაციას მიაწვდის მათ დედამიწის სპექტრული მონაცემები?

"ჩვენ დავადგინეთ, რომ დედამიწის თერმული გამოსხივების სპექტრში საყურადღებო სეზონური ცვალებადობა ფიქსირდება, ხოლო ბიოინდიკატორების, როგორიცაა N2O, CH4, O3 და CO2, სპექტრული მახასიათებლები სეზონსა და სადამკვირვებლო გეომეტრიაზეა დამოკიდებული", — აცხადებენ ავტორები.

მათ სულ 4 ასეთი "ხედი" განიხილეს: ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსების, ეკვატორული აფრიკისა და ეკვატორული წყნარი ოკეანის. სპექტრული ინფორმაცია კი NASA-ს ხელოვნური თანამგზავრის Aqua ინფრაწითელი ხელსაწყოს მეშვეობით მოიპოვეს.

აღმოჩნდა, რომ დედამიწას ერთი კონკრეტული თერმული ემისია ვერ წარმოაჩენს, რადგან ეს გამოსხივება სეზონური ციკლის გამო მერყეობს, რაც ბიოლოგიურ კვალზეც ახდენს გავლენას. ასევე, მსგავსი ცვალებადობა ხმელეთის თავზე უფრო ფიქსირდება, ვიდრე ოკეანეების შემთხვევაში, ამიტომ ჩრდილოეთ პოლუსსა და ეკვატორულ აფრიკაში ამგვარი სხვაობა მეტი იყო. ოკეანეების თერმული სტაბილურობა კი საპირისპირო შედეგს იძლევა.

ასეთი შედეგი გასაკვირი არაა, რადგან დედამიწა დინამიკური პლანეტაა. ამასთან, მეცნიერებს ღრუბლების გავლენა არ გაუთვალისწინებიათ, რაზეც მომდევნო კვლევაში გაამახვილებენ ყურადღებას.

ავტორების თქმით, ზოგიერთი ცვლილება იმდენად უმნიშვნელოა, რომ მონაცემებში კოსმოსური ხმაურისგან მათი გარჩევა ძნელი იქნება. ისინი ამბობენ, რომ სათანადო ინფორმაციის შეგროვებას მრავალწლიანი დაკვირვებები დასჭირდება. ეს მიგნება ეგზოპლანეტების შესწავლაშიც გამოგვადგება.