ინსტაგრამსა და ტვიტერზე დაბლოკილი კანიე ვესტი სხვა სოციალურ ქსელს ყიდულობს

ინსტაგრამსა და ტვიტერზე დაბლოკილი კანიე ვესტი სხვა სოციალურ ქსელს ყიდულობს

კანიე ვესტი სოციალურ ქსელ Parler-ის ყიდვას აპირებს. სოციალური ქსელის წარმომადგენლის განცხადებით, კანიე მუსიკისა და ტანსაცმლის მეშვეობით ისტორიაში ყველაზე მდიდარი შავკანიანი ადამიანი გახდა, თუმცა მისი თამამი პოზიციები ცენზურის გამო იბლოკება. Parler-ის განცხადებით, კანიეს ისეთი გარემოს შექმნა სურს, რომელშიც აზრის გამოთქმის გამო არავინ დაიბლოკება და სოციალური ქსელი ამაში ხელს შეუწყობს.

შეგახსენებთ, რომ ანტისემიტური პოსტის გამო კანიეს ჯერ ინსტაგრამი, შემდეგ კი ტვიტერი დაუბლოკეს. კანიემ რეპერ შონ კობსთან მიმოწერის "სქრინშოტი" გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ რეპერს ებრაელები აკონტროლებენ. "იესო ებრაელია", — ასეთი აღწერა ჰქონდა პოსტს, რომელიც ინსტაგრამმა უკვე წაშალა.

"სამყაროში, რომელშიც კონსერვატიული მოსაზრებები საკამათოდ ითვლება, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება გვაქვს", — ამბობს კანიე ვესტი.

Parler 2018 წელს დაარსდა და მომხმარებელთა დიდი რაოდენობა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მიიზიდა, რადგან ქსელის მომხმარებლებს კონსერვატიული იდეების გაჟღერება თამამად შეეძლოთ.

Parler-ის აპლიკაცია აშშ-ში 6,2 მილიონჯერ, ხოლო მსოფლიოში 8,5 მილიონჯერ ჩამოტვირთეს. რაც შეეხება კანიე ვესტის მიერ სოციალური ქსელის შეძენას, ჯერჯერობით Parler-თან მოლაპარაკებები გრძელდება და საბოლოო პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.