სტივენ კინგი და მისი იდუმალებით მოცული ლიტერატურული სამყარო

სტივენ კინგი და მისი იდუმალებით მოცული ლიტერატურული სამყარო

ის დაიბადა ამერიკაში, მეინის შტატში, 1947 წელს. Carrie გახლდათ
მისი პირველი დაბეჭდილი ნოველა, რომელიც 1974 წელს ფართო
პუბლიკისთვის გამოქვეყნდა. დებიუტის შემდეგ მან მომდევნო
ნახევარი საუკუნე ამერიკის პატარა ქალაქების მონსტრებისა და
გმირების დოკუმენტირებაში გაატარა. მისი პერსონაჟების
მრავალფეროვანი გალერეა მოიცავს ისევე როგორც მკვლელ ჯამბაზებსა
და დემონურ მანქანებს, ასევე ფსიქოზით დაავადებულ შეშლილ
თაყვანისმცემლებსა და პოპულისტ პოლიტიკოსებს. ალბათ, მარტივი
მისახვედრია, რომ საუბარი ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ ამერიკელ
მწერალზე, სტივენ კინგზე გვაქვს.

რამდენი წლის იყავით, როდესაც პირველად დაიწყეთ წერა?

“არ ვიცი, თქვენთვის რამდენად დამაჯერებლად ჟღერს, თუმცა წერა 6-7 წლის ასაკში
დავიწყე. მახსოვს, სკოლიდან მოსვლისთანავე პატარა მოთხრობებს საწოლშივე
ვწერდი, რათა თავისუფალი დრო მალე გამეყვანა და შემდეგ დამეძინა. ფილმები
ჩემზე დიდ ზეგავლენას ახდენდა. ახლაც კარგად მახსოვს დღე, როდესაც დედაჩემმა
Radio City Music Hall-ში Bambi-ის სანახავად წაგვიყვანა, რადგან ამ მულტფილმის
ნახვამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა”.

თქვენი წიგნების უმეტესობა არის ძირითადად საშინებელათა ლიტერატურის ჟანრში. რამ მოგხიბლათ პირველად ამ მიმართულებაში და როგორ მიიღეთ თავდაპირველი ინსპირაცია?

“თითქოს ეს ბუნებრივად ხდება. პირველი ფილმი, რომელიც ვნახე ხომ საშინელებათა
ჟანრის იყო. მახსოვს შეძრწუნებული ვიყავი, თუმცა ამავდროულად ბედნიერების
შეგრძნება მიჩნდებოდა, თითქოს ძალიან მაინტერესებდა და მიზიდავდა ფილმის
ყურება. არ ვიცი, ეს ყველაფერი რას ნიშნავდა, ამ გრძნობას ზუსტი სიტყვებით
ნამდვილად ვერ აღვწერ”.

როგორც ცნობილია, თქვენ წერა ხმამაღალი მუსიკის მოსმენის დროს უფრო გიადვილდებათ. რომელი მომღერლის/ბენდის მუსიკებს უსმენთ ყველაზე ხშირად?

“დიახ, ეს ნამდვილად ასეა. უკეთ ვარ კონცენტრირებული ჩემს საქმეზე, როდესაც
ვუსმენ სასიამოვნო მუსიკას. მაგალითად, ამჟამად Fine Young Cannibals მაქვს
ცართული. მალე მოვუსმენ Danny & The Juniors-ს და The Animals-ს.
მიყვარს როკი… შესანიშნავი ჟანრია… ასე ვთქვათ, რაც უფრო ხმამაღალია მუსიკა,
ჩემთვის უფრო მიმზიდველია”.

როგორია თქვენთვის ერთი ჩვეულებრივი დღე, როდესაც წიგნს წერთ?

“მე ვიღვიძებ, ვჭამ საუზმეს. გავდივარ დაახლოებით სამ მილს. უკან ვბრუნდები, ჩემს
პატარა ოფისში, სადაც მაქვს ჩემი ნაშრომები და ბოლო გვერდი, რომელზეც ცოტა ხნის
წინ ვიმუშავე. მასალებს ვკითხულობ, ვიმეორებ და თითქოს ღილაკის ერთი დაჭერით
ვცდილობ ჩემსავე შექმნილ სამყაროში დავბრუნდე. შეიძლება წერას დღეში დავუთმო
მხოლოდ 2-3 საათი, შემდეგ ამოვბეჭდო უკვე რაც მომწონს და ისევ თავი დავანებო”.

არ აქვს მნიშვნელობა, რაზე წერთ წიგნებს, ფანტასტიკისადმი სიყვარულის მიუხედავად, თქვენ წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ ღრმად გწამთ ღმერთის.

“რა თქმა უნდა. მე ვირჩევ ღმერთს, იმიტომ რომ ის უკეთესს ხდის ყველაფერს. თქვენ
გაქვთ მედიტაციის წერტილი, ძალის წყარო. მე არ ვეკითხები საკუთარ თავს:
“არსებობს თუ არა ღმერთი?”, მე ვირჩევ იმ რწმენას, რომელიც მათქმევინებს:
“ღმერთო, მე არ შემიძლია ეს მარტომ გავაკეთო. დამეხმარე, გავხადო ჩემი დღე
უკეთესი და არ ვავნო საკუთარ თავს ჩემივე უგუნური ქმედებებით”.

გჯერათ თუ არა იმის, რომ სიკვდილის შემდეგ არსებობს სიცოცხლე?

“არ ვიცი. მე სრულიად აგნოსტიკოსი ვარ ამ საკითხში. მოდი, ასე ვთქვათ, მინდა,
მჯეროდეს, რომ ჩვენი სიკვდილის პროცესში ტვინში არსებული წრედები იპყრობს
ყველაფერს. მე არ ვამბობ ამას ემპირიულ მტკიცებულებებზე დაყრდნობთ. ვფიქრობ,
შესაძლებელია სიკვდილის დროს, გაიხსნას ეს წრედები, ერთგვარი სქემები, რამაც
შეიძლება ახსნას თეთრი სინათლის ფენომენი. როდესაც ადამიანები კლინიკურად
კვდებიან და თავიანთ ახლობლებს ხედავენ”.

გიჩნდებათ თუ არა იმის გრძნობა, რომ ზედმეტად ხართ დამოკიდებული წერაზე?

“რა თქმა უნდა. ეს არის ობსესიურ-კომპულსური ქცევა. შეიძლება ექვსი თვის
განმავლობაში ყოველდღიურად ვწერო და მქონდეს შავი მასალები, ჩანაწერები, მაგრამ
შეიძლება სრულიად დავანებო თავი მუშაობას, თუნდაც 10-12 დღით. ჩემი მეუღლე
მეუბნება ხოლმე, რომ სხვა რამით უნდა დავკავდე, გავიდე სახლიდან, სასეირნო,
გავაკეთო სახლი ჩიტებისთვის, რამე შევღებო და ასე შემდეგ”.

“ასე რომ, შესაბამისად, ხან ტელევიზორს ვუყურებ, ხან გიტარაზე ვუკრავ, შემდეგ კი
როდესაც დასაძინებლად მივდივარ, არანორმალურ სიზმრებს ვხედავ, ძირითადად
არასასიამოვნო სიუჟეტებს, რომლებსაც ჩემს წიგნებში შემდეგ აუცილებლად ვიყენებ.
ხშირად ვხედავ სიზმრებში ჩემს სუსტ წერტილებს, არასაიმედობას, კრახსა და
დაძაბულობას”.

საინტერესოა, ამდენწლიანი წარმატებული კარიერის შემდეგ კრახისა და წარუმატებლობის კიდევ რატომ გეშინიათ.

“რა თქმა უნდა, მეშინია. მე ძალიან ბევრი რამის შიში მაქვს. ხშირად, მოთხრობა,
რომელსაც ვწერ, მგონია, რომ არ გამოვა ისეთი კარგი, როგორსაც ვგეგმავ. შემდეგ
ვფიქრობ ხოლმე, რომ იდეები გამომელევა და დასრულებას ვერ მოვახერხებ.
ყველაფერი ხდება, გააჩნია დღეს და იმ წიგნს, რომელზეც კონკრეტულ მომენტში
ვმუშაობ”.

და ბოლოს, თქვენი დაწერილი წიგნებიდან ყველაზე მეტად რომელს გამოარჩევდით?

“Lisey’s Story-ის. ეს წიგნი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან იყო
ქორწინების შესახებ, მე ოჯახთან დაკავშირებულ თემებზე მანამდე სერიოზულად
მგონი არასდროს დამიწერია. მინდოდა მესაუბრა ორ რამეზე, ერთი, საიდუმლო
სამყაროზე, რომელსაც ხალხი ქორწინების შემდეგ ურთიერთობაში თავად ქმნის და
მეორე – ინტიმურ სამყაროზე. ამ წიგნით იმის თქმა მინდოდა, რომ შეიძლება
ყველაფრის მიუხედავად ადამიანები მაინც არ ვიცნობდეთ კარგად ერთმანეთს”.