მიხეილ სარჯველაძე: ოლიგარქიზაცია შეიძლება იყოს პრობლემა ნებისმიერ სახელმწიფოში და მასთან ბრძოლაც მოითხოვს უნივერსალური წესების შექმნას

მიხეილ სარჯველაძე: ოლიგარქიზაცია შეიძლება იყოს პრობლემა ნებისმიერ სახელმწიფოში და მასთან ბრძოლაც მოითხოვს უნივერსალური წესების შექმნას

ოლიგარქიზაცია შეიძლება იყოს პრობლემა ნებისმიერ სახელმწიფოში და მასთან ბრძოლაც მოითხოვს გარკვეული უნივერსალური წესების შექმნას, რომელიც აუცილებელია მიესადაგოს ადგილობრივ, რელევანტურ სისტემას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საბაზისო, სამუშაო ვერსიად აღებული, ევროკავშირისგან მოწონებული კანონპროექტი რაიმე კრიტიკას იმსახურებდეს ჩვენი ოპონენტებისგან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, დეოლიგარქიზაციის უკრაინული მოდელი არის ერთადერთი და ამასთანავე ევროკავშირის მიერ მოწონებული.

სარჯველაძემ აღნიშნა ისიც, რომ მუშაობის პროცესი და მსჯელობა კანონპროექტის ყველა ნორმის ავკარგიანობაზე ყველა ეჭვს წერტილს დაუსვამს.


„უკრაინის გარდა პრაქტიკულად არ არსებობს დეოლიგარქიზაციის კანონის რომელიმე სხვა მოდელი, რომელსაც შევადარებდი ერთმანეთს და ვიტყოდი, რომ რომელიმე ჯობია უკრაინულს ან პირიქით. ჩემთვის ცნობილი ერთადერთი კანონი, რომელიც დეოლიგარქიზაციის მიმართულებაზე აკეთებს აქცენტს, არის უკრაინული. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ასოცირებულ ტრიოსთან დაკავშირებით რომ მიიღო ევროკავშირმა გადაწყვეტილება, სამიდან ორი სახელმწიფოს მიმართებით დეოლიგარქიზაციაზე გაცემულია რეკომენდაცია, რომ მიიღონ შესაბამისი კანონმდებლობა და მხოლოდ უკრაინას აქვს განსხვავებული რეკომენდაცია და ეუბნებიან, რომ რაც მიღებული აქვს იმის იმპლემენტაცია გააგრძელოს. ასეთ დროს იმის თქმა, რომ ევროკავშირს არ მოსწონს ან შეიძლება არ მოსწონდეს ეს კანონმდებლობა, რომელიც უკრაინას აქვს, ვფიქრობ, რომ ალოგიკური იქნებოდა. ჩვენ უნდა ვთქვათ ის, რომ ზოგადად ოლიგარქიზაცია არ ვარგა, ვებრძოლოთ ამ ტენდენციებს, თუ ის კიდევ არსებობს სადმე და შესაბამისად, კანონმდებლობით პრევენცია მოვახდინოთ, რომ მომავალში ვინმეს არ ჰქონდეს მცდელობა, დაამყაროს ოლიგარქიული მმართველობა. ასეთი შემთხვევებისთვის ხომ აშკარაა, რომ შეუძლებელია არ გვქონდეს რაღაც უნივერსალური მეთოდები, ისე, როგორცაა მაგალითად ანტიკორუფციული მექანიზმები, ამ თემაზე მუდმივად, ყველა სახელმწიფოს თვალი უჭირავს ერთმანეთის გამოცდილებაზე, რომ რამენაირად სწრაფად მოახდინონ თავისთანაც იმავენაირი მექანიზმებისა და ინსტრუმენტების იმპლემენტაცია. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოლიგარქიზაციაც შეიძლება იყოს პრობლემა ნებისმიერ სახელმწიფოში და მასთან ბრძოლაც მოითხოვს გარკვეული უნივერსალური წესების შექმნას. გასაგებია, რომ ყველა სახელმწიფოში ამას შეიძლება დახვდეს განსხვავებული ნიადაგი. ამისთვის აუცილებელია ამ კონკრეტული მექანიზმების მისადაგება ადგილობრივ, რელევანტურ სისტემასთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საბაზისო სამუშაო ვერსიად აღებული, ევროკავშირისგან მოწონებული კანონპროექტი რაიმე კრიტიკას იმსახურებდეს ჩვენი ოპონენტებისგან. მუშაობის პროცესში ყველა ნორმის ავკარგიანობაზე იქნება მსჯელობა და ეს ყველაფერს წერტილს დაუსვამს“, - აღნიშნა სარჯველაძემ.