გოგა ხაინდრავას განცხადებით, ოპოზიციის ბრალდებები ხელისუფლების კრემლთან მოკავშირეობაზე სერიოზული რომ ყოფილიყო, პრაღის სამიტზე ირაკლი ღარიბაშვილს თანათავმჯდომარედ არ აირჩევდნენ

გოგა ხაინდრავას განცხადებით, ოპოზიციის ბრალდებები ხელისუფლების კრემლთან მოკავშირეობაზე სერიოზული რომ ყოფილიყო, პრაღის სამიტზე ირაკლი ღარიბაშვილს თანათავმჯდომარედ არ აირჩევდნენ

ოპოზიციის ბრალდებები ხელისუფლების კრემლთან მოკავშირეობაზე სერიოზული რომ ყოფილიყო, პრაღის სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს თანათავმჯდომარედ არ დასვამდნენ, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ სააკაშვილი ერთ დღესაც საზღვარგარეთ ვიხილოთ და არა ციხეში, კაინდრავამ განაცხადა, რომ არ ჰგონია, ეს დღევანდელი ხელისუფლების გადასაწყვეტი იყოს.

მისივე განმარტებით, სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული და მიმდინარეობს რამდენიმე სასამართლო პროცესი, რომელიც მას მძიმე დანაშაულში ამხელს.

„ეს დანაშაული არ არის ჩადენილი „ქართული ოცნების“ წინაშე. ეს დანაშაული ქართველი ხალხის წინაშეა ჩადენილი, ამიტომ აქ მნიშვნელოვანი ქართველი ხალხის აზრია“, - განაცხადა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ოპონენტები არ ჰყავს. ხაინდრავამ აღნიშნა, რომ 10 წლის განმავლობაში მას არ ახსოვს სერიოზული პრობლემა, რომელიც ოპოზიციამ დააყენა და იგი საზოგადოებამ გაიზიარა.

ხაინდრავას განმარტებით, ოპოზიციის ბრალდებები ხელისუფლების კრემლთან მოკავშირეობაზე სერიოზული რომ ყოფილიყო, პრაღის სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს თანათავმჯდომარედ არ დასვამდნენ.

„ვნახეთ, მთელი ევროპა იყო იქ ჩასული. ბუნებრივია, იმ ადამიანებს, ვისაც მძიმე ბეგრაუნდი აქვს და სადაც ასეთი ტიპის პრობლემებზეა ქვეყანაში საუბარი, ეგ რომ სერიოზულად აღქმული ყოფილიყო, ბუნებრივია, ირაკლი ღარიბაშვილს ისე არ მიიღებდნენ, როგორც მიიღეს. აქ მარტო ირაკლი ღარიბაშვილში არ არის საქმე. რომ არა ქვეყნის მოქალაქეების, საზოგადოებისა და ამომრჩევლების მხარდაჭერა, ვერანაირად ასე მყარად წარმოდგენილი ვერ იქნებოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, იქნება ეს ღარიბაშვილი თუ სხვა“, - განაცხადა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, საქართველო ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც თავისი სუვერენიტეტი ასე მტკიცედ წარმოაჩინა.