ორი მეგობარი ქვეყნის - საქართველოსა და პოლონეთს შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე “პოლონეთი - საქართველო. ორსაუკუნოვანი დიალოგი”. ღონისძიება ეძღვნება კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირ „პოლონიას“ 25 წლის იუბილეს.
კონფერენციის გახსნას თსუ რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე, პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, მოწვეული სტუმრები, მეცნიერები საქართველოდან, პოლონეთიდან და გერმანიიდან ესწრებოდნენ.
„დღევანდელი ღონისძიება, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება, არის მაგალითი ჩვენს ქვეყნებს - პოლონეთსა და საქართველოს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის. მოხარული ვარ, რომ დღეს გავიხსენეთ მე-19-20 საუკუნეების გმირებს და საზოგადოებას შევახსენებთ, როგორი მტკიცე ურთიერთობა გვაქვს ქართველებსა და პოლონელებს, მიუხედავად სახელმწიფოებს შორის დიდი დისტანციისა, “- განაცხადა პოლონეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა.
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის ინფორმაციით, კონფერენცია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით იმართება და ის ეხება ორი მეგობარი ქვეყნის - პოლონეთისა და საქართველოს ურთიერთობებს. „მოგეხსენებათ, საქართველოს ბევრი მეგობარი ქვეყანა ჰყავს მთელ მსოფლიოში, მათ შორის, გამორჩეულია პოლონეთი. ქართულ-პოლონური პოლიტიკური ურთიერთობები, ეკონომიკური ურთიერთობები, ისტორიული ურთიერთობები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პოლონეთი ხელს უწყობს საქართველოს განვითარებას“, - აღნიშნა ნანა გაფრინდაშვილმა. მისი თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პოლონისტიკის განვითარებას, პოლონური კულტურის კვლევას, პოლონური ენის შესწავლას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ნუნუ მიცკევიჩის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს სამეცნიერო კონფერენციას, რომელზეც ქართველ და პოლონელ მეცნიერებს, ამ ორი ქვეყნის შემსწავლელ მკვლევრებს საშუალება აქვთ ისაუბრონ საქართველო-პოლონეთის ურთიერთობებზე და ასევე, იმ პერსპექტივებზე, რომლებიც სამეცნიერო-კვლევითი პრიორიტეტების სახით დასახელდება. „კონფერენციაზე წარმოდგენილია საზოგადოება - „პოლონია“, რომელსაც 25-წლიანი ისტორია აქვს საქართველოში, მისი როლი არის მნიშვნელოვანი როგორც სოციალური, ასევე სამეცნიერო-კვლევითი, კულტურული და შემოქმედებითი კუთხით მხარდაჭერისთვის,“- აღნიშნა ნუნუ მიცკევიჩმა.
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლონისტიკის ცენტრის ხელმძღვანელის, თსუ პროფესორის მარია ფილინას განცხადებით, 25 წლის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა პირველი პოლონური საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავკასიაში - „პოლონია“. „მას მერე, ჩვენ ვატარებთ კონფერენციებს, მათ შორის, საერთაშორისო კონფერენციებს ქართულ-პოლონურ ურთიერთობებზე. დღეს ჩვენ მივიღეთ პოლონეთის სენატიდან და სეიმიდან მისალმებები, სადაც წერია, რომ ყოველი ჩვენი ღონისძიება არის ქართულ-პოლონური ურთიერთობების დარგში წინსვლა,“- აღნიშნა მარია ფილინამ.
პლენარულ სხდომებზე იმუშავებს რამდენიმე სექცია: ლიტერატურა და ვერბალური კომუნიკაციები, ისტორია და პოლიტოლოგია, ხელოვნება, კულტურა და განათლება. ერთი სექცია გაიმართება ონლაინ ფორმატში.
კონფერენციის ორგანიზატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლონისტიკის ცენტრი, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, საქართველოს პოლონელთა კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „პოლონია“; მსოფლიო თანამეგობრობა „ვსპულნოტა პოლსკა“.