ამერიკელებსა და საერთოდ, პროდასავლურ ძალას, რომელსაც სერიოზული დაპირისპირება აქვს ჩვენი ტერიტორიის ოკუპანტ ქვეყანასთან, რეგიონში ისეთი დასაყრდენი არ ჰყავს, როგორიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია რეალურად პროდასავლური როგორც კულტურა, ისე პოლიტიკური კულტურა დაამკვიდროს.
„კამათი იმაში მდგომარეობს, რომ არ შეიძლება ეს დასავლეთის ინტეგრაციისკენ მიმავალი გზა გადიოდეს „კმარას “ დანატოვარზე. კითხვები ამ ადამიანებთან დაკავშირებით კი არა, ვაშინგტონს კითხვები აქვს ვთქვათ თურქეთთან დაკავშირებით, ნატოს წევრი ქვეყანაა, ევროკავშირს კითხვები აქვს პოლონეთთან სასამართლოსთან მიმართებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დისკუსიისა და განხილვის რეჟიმი, არის ის ფორმა, რომელიც სწორია. კურსის შეცვლასთან დაკავშირებით სიღრმისეული ანალიზი მართებს სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ვინაიდან ლომის წილი პროდასავლური კურსისა, რაც საზოგადოებამ უკვე გამოხატა, ეკუთვნის „ქართულ ოცნებას“, თორემ 2012 წელში სკეპტიციზმის უშველებელი ტალღა გაიზარდა, იმიტომ რომ ამ მწამებლებს თუ უჭერს დასავლეთი მხარს, რად გვინდა ასეთი დასავლეთიო. ჩვენ ვართ რეალურად ის ძალა, რომელსაც შეუძლია პროდასავლური როგორც კულტურა, ისე პოლიტიკური კულტურა დაამკვიდროს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.