საით მიდის ეს ქვეყანა, რა გვინდა და ვინ მიგვაჩნია მეგობრად, ამის გასარკვევად ჩამოდის, ჩემი აზრით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ „გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტს გამოეხმაურა.
„ვაშინგტონში მაღალი თანამდებობის პირებს რომ შეკითხვები ჰქონდეთ, ამაში მგონი, გასაკვირი არაფერია. ჩვენ 10 წელია „ქართულ ოცნებას“ ვიცნობთ და მაინც ვერაფერი გავიგეთ, რა უნდათ. ვინმეს დანახვა გასჭირვებოდა იმის, თუ საით მოძრაობს „ქართული ოცნება“, არ მგონია. ჩემი აზრით, შეხვედრა თუ პროტოკოლური და პროცედურული შინაარსის არ არის, აუცილებლად უნდა შეეხოს იმას, თუ საით მიდის ეს ქვეყანა, რა გვინდა, როგორ ვვითარდებით, და ვინ მიგვაჩნია მეგობრად. ველოდები კი არა, თუ საქმეზე ჩამოდის, ეს არის ახლა მთავარი საქმე ამ ქვეყანაში, ამის გასარკვევად ჩამოდის ის ხალხი. ეს ვიზიტი ძალიან ბუნებრივია, განსაკუთრებით ელჩის განცხადების შემდეგ (რომ ვაშინგტონში მაღალი თანამდებობის პირებს აქვთ შეკითხვები, თუ რატომ არ ემიჯნება ხელისუფლება მკაფიოდ ანტიდასავლურ რიტორიკას)“, - განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ბონი ჯენკინსი საქართველოს 5-7 ოქტომბერს ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.