სებასტიან მოლინეუსი: საქართველოს ეკონომიკური ზრდა განპირობებულია გადარიცხვების მატებით, ტურიზმიდან და გზავნილებიდან მიღებული შემოსავლის ზრდით - მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა უნდა შეინარჩუნონ სიფხიზლე

სებასტიან მოლინეუსი: საქართველოს ეკონომიკური ზრდა განპირობებულია გადარიცხვების მატებით, ტურიზმიდან და გზავნილებიდან მიღებული შემოსავლის ზრდით - მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა უნდა შეინარჩუნონ სიფხიზლე

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის, სებასტიან მოლინეუსის განცხადებით, 2022 წელს რეგიონში წარმოებული პროდუქციის მოცულობის შემცირებას ელოდებიან, რაც ძირითადად რუსეთის უკრაინაში შეჭრითაა გამოწვეული.

მისივე თქმით, რეგიონში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც დაბალ - დაახლოებით 0.3 პროცენტის დონეზე შენარჩუნდება.

„მოხარული ვარ, ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ეკონომიკური მიმოხილვიდან წარმოგიდგინოთ რამდენიმე ძირითადი მაჩვენებელი. როგორც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის პროგნოზები გამოწვევებითაა აღსავსე. 2022 წელს ველოდებით რეგიონში წარმოებული პროდუქციის მოცულობის შემცირებას 0.2 პროცენტის ოდენობით, ძირითადად რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამოწეული შედეგების გამო. ზოგადად რეგიონში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაბალ - დაახლოებით 0.3 პროცენტის დონეზე შენარჩუნდება, მიმდინარე ინფლაციის მაღალი დონის, გლობალური საფინანსო ბაზრების გამკაცრების და რეგიონში არსებული გამოწვევებით სავსე ფისკალური მდგომარეობის პირობებში. ამ ფონზე ვხედავთ, რომ სამხრეთ კავკასიის ქვერეგიონში აღინიშნება საკმაოდ ძლიერი ეკონომიკური ზრდა და 2022 წელს პროდუქციის მოცულობა 5.6 პროცენტით გაიზრდება, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის მასშტაბით“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება საქართველოს, სებასტიან მოლინეუსის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი „განპირობებულია ადგილობრივი მოთხოვნის და ფულადი გადარიცხვების მატებით, ისევე როგორც ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან მიღებული შემოსავლის ზრდით“, ამიტომ როგორც საქართველოს მთავრობამ, ისე ეროვნულმა ბანკმა უნდა შეინარჩუნოს სიფხიზლე.

„რაც შეეხება საქართველოს, ვხედავთ ეკონომიკური ზრდის 8.8 პროცენტიან მაჩვენებელს, რომელიც ამ მომენტისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მთლიანად ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. ეს მეტწილად განპირობებულია ადგილობრივი მოთხოვნის და ფულადი გადარიცხვების მატებით, ისევე როგორც ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან მიღებული შემოსავლის ზრდით. ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ როგორც საქართველოს მთავრობამ, ისე ეროვნულმა ბანკმა უნდა შეინარჩუნონ სიფხიზლე. რა თქმა უნდა, საჭირო იქნება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება თუ ინფლაცია გაიზრდება და რა თქმა უნდა, ჩვენ მთავრობას ვურჩევთ შეინარჩუნოს წინდახედული მიდგომა ფისკალური თვალსაზრისით და გამოიყენოს ნებისმიერი დამატებითი შემოსავალი, რათა შეამსუბუქოს გარკვეული ფისკალური ტვირთი.

დაბოლოს, აღვნიშნავ, რომ მსოფლიო ბანკის ახალ ეკონომიკურ მიმოხილვაში აქცენტი გაკეთებულია სოციალური დაცვის ღონისძიებებზე, რომლებიც უმნიშვნელოვანესია კრიზისის დროს სიღარიბის დონის ზრდაზე რეაგირებისთვის და აქ ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ჩვენმა წევრმა ყველა ქვეყანამ განაახლოს სოციალური დაცვის სისტემები და უზრუნველყოს მიზნობრივი სოციალური დახმარების მექანიზმის არსებობა, რომელიც დახმარებას გაუწევს იმ ადამიანებს, რომლებსაც ის ყველაზე მეტად სჭირდებათ არსებული კრიზისის პირობებში,“ - განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.