საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, ბიზნესსფეროში სამუშაო ძალის და კვალიფიციური მუშახელის პრობლემა არსებობს.
მისივე თქმით, სფეროში არსებული ნომერ პირველი გამოწვევა ლარის კურსს უკავშირდება.
ფხაკაძის განმარტებით, მან პრემიერთან დღეს გამართულ შეხვედრაზე, ბიზნესსფეროში არსებულ პრობლემებზე დეტალურად ისაუბრა.
„ბიზნესში არის გამოწვევები. ეს არის ხელისშემშლელი ფაქტორები. ერთ-ერთი არის კვალიფიციური მუშახელის პრობლემა. ასევე, არის სამუშაო ძალის პრობლემა და ჩვენ ამ გამოწვევებზე ვისაუბრეთ. იმიტომ დავაყენეთ ეს გამოწვევები, რომ ეს უნდა გადაწყდეს და რაღაცნაირად ერთად უნდა მივხედოთ ბიზნესმაც და მთავრობამ. ეს არის მე-3 და მე-4 პრობლემა.
ნომერ პირველი პრობლემა მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ ისევ არის. წლების განმავლობაში ნომერ პირველი პრობლემა ლარის კურსი იყო და ამ სიტუაციას მიეხედა და ხედავთ, რომ შიდასავალუტო ბაზარზე ლარი მნიშვნელოვნად გამყარდა და ჩვენ გვინდა, რომ ეს ტენდენცია აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს.
ბოლო პრობლემა, რომელზეც ვისაუბრეთ ეს არის ბიუროკრატია. ამ მხრივ სიტუაცია სწორდება, მაგრამ არსებობს ადმინისტრაციული ბარიერები და აქაც უნდა მიეხედოს ამ თემას, უნდა ამ კუთხით მუშაობა უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.