გივი მიქანაძე: ოპოზიციის მთავარი მიზანი იყო, არის და რჩება, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ქვეყანამ არ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

გივი მიქანაძე: ოპოზიციის მთავარი მიზანი იყო, არის და რჩება, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ქვეყანამ არ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

ჩვენი ოპონენტები უკვე ხავსსაც ვერ ეჭიდებიან, იმდენად სავალალო დღეში არიან ჩავარდნილი. სამი თვის წინ ისინი ამბობდნენ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მიზანი, 12-პუნქტიანი გეგმა შესრულდეს. ამის შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ წარადგინა დეტალური გეგმა, რომელშიც გაწერილია პასუხისმგებელი კომიტეტები, სამუშაო ჯგუფები, შესაბამისი კანონპროექტების მომზადების კონკრეტული ვადები. დღემდე არცერთი ვადა არ დარღვეულა, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„ქართული ოცნება“ და კონსტრუქციული ოპოზიცია შედეგზე ორიენტირებული საქმიანობით უძღვებიან პროცესს. ეს შედეგი არ აყოვნებს. პირველი მოსმენით არის მიღებული მე-11 პუნქტთან, ევროსასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებები. 19 სექტემბერს კომიტეტზე დაინიცირდა „საარჩევნო კოდექსსა და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებები და ხვალ ეს ცვლილებები უკვე პლენარულ სხდომაზე. ასევე 19 სექტემბერს საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დააინიცირა რეგლამენტში პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაზრდის თვალსაზრისით კონკრეტული კანონპროექტი, რომელიც ბევრ მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს. ეს კანონპროექტიც ხვალ გადის პლენარულ სესიაზე. ჯგუფებში მუშაობა მიმდინარეობს. ოპოზიციის ერთადერთი მიზანი იყო ამ პროცესის დაზიანება. მათი მთავარი მიზანი იყო, არის და რჩება, რომ ჩვენი პარტიის მმართველობისას არ იყოს შესრულებული ეს პუნქტები და ქვეყანამ არ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. თუმცა საზოგადოება ხედავს, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს, ​ყველა ნაბიჯი იდგმება ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე და ოპოზიციის ეს გეგმაც, როგორც ბევრი სხვა წინამორბედი, თავიდანვე განწირული იყო მარცხისთვის“, - აცხადებს მიქანაძე.