თეთრკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია — კანიე ვესტის მაისურმა ყველა აალაპარაკა

თეთრკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია — კანიე ვესტის მაისურმა ყველა აალაპარაკა

კანიე ვესტმა თავისი მოდის ხაზის, Yeezy-ის ახალი კოლექცია პარიზში წარადგინა. მომღერალს მაისური ეცვა, რომელზეც ეწერა, რომ "თეთრკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია", რითაც კანიემ საზოგადოების ყურადღება მიიქცია.

"მე ვარ Ye და აქ ყველამ იცის, რომ მე ლიდერი ვარ. შენ მე ვერ მმართავ", — ამბობს კანიე მოდის ჩვენებიდან გავრცელებულ ვიდეოში.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ გადაწყვიტა კანიე ვესტმა ასეთი წარწერით მაისურის ჩაცმა. ფრაზა "თეთრკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია" მას შემდეგ გამოჩნდა, როცა მოძრაობა Black Lives Matter (შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია) დაიწყო. შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ჯორფ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო და მოძრაობა Black Lives Matter სწორედ ამ პერიოდში გააქტიურდა.

რაც შეეხება მომღერლის შეხედულებებს, თავისი კარიერის განმავლობაში კანიე ვესტმა რასიზმის შესახებ რამდენჯერმე ისაუბრა. 2022 წლის თებერვალში, როცა შავკანიანთა ისტორიის აღსანიშნავ ღონისძიებას ესწრებოდა, მომღერალმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ამერიკა იმისთვისაა შექმნილი, რათა დაგვიმონოს. რა მოგვცა ამ ქვეყანამ? რეალურად შავკანიანთა ისტორიის თვე არ არსებობს. ყოველი თებერვალი იმას გვახსენებს, რომ ხმის მიცემას ძლივს ვახერხებთ".