„ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის“ წარმომადგენლების ვიზიტი თსუ-ში

„ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის“ წარმომადგენლების ვიზიტი თსუ-ში

ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის 200-მდე უნივერსიტეტში სტიპენდიების მოპოვებისა და სწავლის შესაძლებლობები განიხილეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, „ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი პეტრ მარეში, უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ევა დვორჟაკოვა, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე საქართველოში იანა გაშპარიკოვა, უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე საქართველოში გაბორ მიკეში, საქართველოში პოლონეთის საელჩოს წარმომადგენელი დარია შლეზინგერი, სლოვაკეთის საელჩოს წარმომადგენელი საქართველოში ზუზანა პალოსოვა ესწრებოდნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, ცენტრალური ევროპის ქვეყნების უნივერსიტეტებში გაცვლითი პროგრამით სწავლის არაერთი შესაძლებლობა არსებობს. „ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის“ და საქართველოში ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის საელჩოს წარმომადგენლებმა სტუდენტებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. „ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის“ სტიპენდიების გარდა, ოთხივე ქვეყნის უნივერსიტეტებს გააჩნია სტიპენდიები. უამრავი შესაძლებლობა არსებობს, რომ ჩვენმა სტუდენტებმა აღნიშნულ ქვეყნებში გაცვლითი პროგრამებით ისარგებლონ და ფონდის მიერ სრული დაფინანსება მიიღონ,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.

„ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი“ ჯერ კიდევ 2000 წელს დაარსდა ოთხივე ქვეყნის (ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი) მთავრობის მიერ და მას შემდეგ აქტიურად მუშაობს. ის ხელს უწყობს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას, იდეების გაცვლა-გაზიარებასა და ურთიერთგაგებას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პიტერ მარეშის თქმით, „ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის“ სტიპენდიები ყველა საფეხურის სტუდენტისთვის არის განკუთვნილი, თუმცა გარკვეული უპირატესობა მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს ენიჭებათ. „სტუდენტებთან შეხვედრა ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობად გამოვიყენეთ. ფონდის საქმიანობა და სტიპენდიის მოპოვების გზები გავაცანით. ქართველ სტუდენტებს „ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი“ ვიშეგრადის ოთხეულის წევრი ქვეყნების უნივერსიტეტების გაცნობის, სტიპენდიის მოპოვებისა და ერთიდან ოთხ სემესტრამდე სწავლის შესაძლებლობას სთავაზობს,“ - აღნიშნა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.

შეხვედრის მონაწილე სტუდენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამების, სტიპენდიების, საერთაშორისო სტუდენტების მობილობის შესახებ. შეხვედრის ბოლოს „ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის“ და საქართველოში ოთხივე საელჩოს წარმომადგენლებმა თსუ სტუდენტების კითხვებს უპასუხეს.

საქართველოში უნგრეთის ელჩმა ანა მარია შიკომ შეხვედრის მნიშვნელობასა და უნგრეთის უნივერსიტეტების სტიპენდიებზე ისაუბრა. „დღევანდელი შეხვედრა შესანიშნავი შესაძლებლობა იყო ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით. ჩემთვის, როგორც საქართველოში უნგრეთის ელჩისთვის, ძალიან სასიამოვნოა ვთქვა, რომ უნგრეთის მთავრობის სტიპენდია „Stipendium Hungaricum” თითოეულ ახალგაზრდას აძლევს უნგრეთის უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობას, როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის და სხვა მაღალი საფეხურის სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებს,“ - განაცხადა ელჩმა.

შეხვედრას სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სხვადასხვა მიმართულების სტუდენტები ესწრებოდნენ. თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მეორე კურსის სტუდენტი ზაზა ებრალიძე ერთ-ერთია, ვინც „ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის“ სტიპენდიებით არის დაინტერესებული. „ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. გავეცანით სხვადასხვა უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებს, სწავლების მეთოდებს.  მივიღეთ ინფორმაცია ცენტრალური ევროპის ქვეყნებში გაცვლითი პროგრამებით სწავლის შესაძლებლობების შესახებ, რაც ძალიან კარგი შანსია ქართველი სტუდენტებისთვის. ვფიქრობ, ამ შესაძლებლობას შემდგომში ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გამოვიყენებთ,“ - აღნიშნა თსუ სტუდენტმა.

თსუ-ს ინსტიტუციური პარტნიორების, უნივერსიტეტების და კვლევითი ცენტრების რიცხვი 56 ქვეყანაში 400- მდე აღწევს; ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში /ICM/, 2015-2021 წლებში, თსუ-ს მონაწილეობით დაფინანსდა 364 პროექტი, მათ შორის, 2020-2022 წწ. – 107 პროექტი ევროპის 29 ქვეყნის 100-ზე მეტ უნივერსიტეტთან. თსუ ლიდერია როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ასევე საქართველოში 2015-2021 სასწავლო წლებში იმ სტუდენტებისა და პერსონალის რაოდენობით, რომლებმაც ევროპის უნივერსიტეტებში ისწავლეს და აიმაღლეს კვალიფიკაცია. ამ პერიოდში 2500-ზე მეტი მობილობა განხორციელდა როგორც თსუ-ს, ისე პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ. აზიაში თსუ თანამშრომლობს 10 ქვეყნის 26 უნივერსიტეტთან. თსუ ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას Asia Science Camp-ში, აზიის სხვადასხვა ქვეყანაში (იაპონია, სინგაპური, ისრაელი, ტაილანდი, მალაიზია, ინდონეზია და ა.შ.) თსუ-ში სწავლობს უცხოეთის 900 მოქალაქე მსოფლიოს 50 ქვეყნიდან, მათ შორის, 100-ზე მეტი საერთაშორისო სტუდენტი ყოველწლიურად ერაზმუს+ საერთაშორისო მობილობის და ორმხრივი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში.