ეს ძალიან დიდი აბსურდი და სრული სისულელეა, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქართველი მაღალჩინოსნები და საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლები რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ხვდებოდნენ.
კალაძის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაციის მტკიცებულებები არ არსებობს.
„ამის მტკიცებულებები რომ არსებობდეს, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. განცხადებები ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააკეთოს. ეს განცხადებები დაფუძნებულია აბსურდზე და არაფერზე, შესაბამისად ეს არაფერს ნიშნავს. თქვენც შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი განცხადება, ხართ ტელევიზიის წარმომადგენელი, გამოხვიდეთ ტელევიზიით, გამოიყენოთ თქვენი პლატფორმა, თქვათ რაიმე სისულელე და ეს არ ნიშნავს იმას, რომ შესაბამისმა უწყებებმა დაიწყოს გამოძიება. ამისთვის არსებობს სახელმწიფო“, - განაცხადა კახა კალაძემ.