მილიარდერმა ილონ მასკმა ბეჭდების მბრძანებლის ახალი სერიალი, ძალაუფლების ბეჭდები (The Rings of Power) გააკრიტიკა, რომელიც Amazon-ის გადაღებულია და, გავრცელებული ცნობით, ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული მსგავსი პროექტია.
"ტოლკინი საფლავში ბრუნავს", — დაწერა მასკმა ტვიტერზე.
მოგვიანებით, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა განავრცო, რატომ არ მოსწონს ამაზონის გადაღებული სერიალი.
"რაც ვნახე, თითქმის ყველა კაცი პერსონაჟი ლაჩარია, იდიოტია, ან ორივე. მხოლოდ გალადრიელია შეუპოვარი, ჭკვიანი და სანდომიანი", — აღნიშნავს მასკი.
გალადრიელის შემსრულებელი უელსელი მსახიობი მორფიდ კლარკი კი, ცოტა ხნის წინ თავადვე გამოეხმაურა სერიალის კრიტიკოსებს და განაცხადა, რომ ტოლკინმა კომპლექსური სამყაროები შექმნა, ხოლო "ფანები, რომლებიც ამტკიცებენ, რისი ნახვა ენდომებოდა ავტორს სერიალში, სისულელეს ჩმახავენ".
ცნობისთვის, მასკსა და ამაზონის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსს შორის დიდი ხანია, განხეთქილების ვაშლი დაგორავს. ბეზოსზე, რომელიც ამ დროისთვის მსოფლიოში მეორე უმდიდრესი ადამიანია, მასკი ხშირად წერს დამცინავ პოსტებს სოციალურ ქსელებში.
თუმცა, ბეჭდების მბრძანებლის სერიალი მილიარდერის გარდა კიდევ ბევრის ყბაში ჩავარდა. მაყურებელთა ნაწილმა აღნიშნა, რომ ძალაუფლების ბეჭდებს ბევრი არაფერი აქვს საერთო ტოლკინის შექმნილ ორიგინალურ სამყაროსთან. ზოგიერთმა განსაკუთრებით მწვავედ გააკრიტიკა სერიალის სამსახიობო გუნდი და მისი მრავალფეროვნება.
ამ კრიტიკას ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა მსოფლიოში ცნობილი ინგლისელი მწერალი ნილ გეიმანი, რომელიც ამავდროულად აღიარებული ტოლკინისტიცაა. მან განაცხადა, რომ ვისაც ამჟამინდელ სამსახიობო გუნდთან პრობლემა აქვს, "ან რასისტია, ან ტოლკინი არ წაუკითხავს".
ნილ გეიმანი ბეჭდების მბრძანებლის სერიალის კრიტიკოსებს პასუხობს
ძალაუფლების ბეჭდები კი უსაფუძვლო კრიტიკას ნამდვილად არ დაუბრკოლებია, რომ რეკორდები მოეხსნა. სერიალის საპრემიერო ეპიზოდები 25-მა მილიონმა ადამიანმა ნახა. პროექტმა კრიტიკოსების მოწონებაც დაიმსახურა — მაგალითად, Rotten Tomatoes-ზე სერიალი 84-მა პროცენტმა დადებითად შეაფასა.