ცნობილი ინგლისელი მწერალი ნილ გეიმანი ბეჭდების მბრძანებლის ახალი სერიალის ძალაუფლების ბეჭდების (The Rings of Power) კრიტიკას ეხმაურება. მაყურებელთა ნაწილმა შავკანიანი მსახიობების მიერ ტერფბალნიანების განსახიერება გააპროტესტა და განაცხადა, რომ ეს ორიგინალურ ნაწარმოებთან შეუსაბამოა.
აღსანიშნავია, რომ ძალაუფლების ბეჭდებში მოქმედება ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგიამდე ათასობით წლით ადრე, შუახმელეთის მეორე ეპოქაში ვითარდება, შესაბამისად, ნაცნობ არსებებთან ერთად ახალ სახეებსაც ვეცნობით. თუმცა, ნაცნობი სახეებიც — მათ შორის, ჰობიტები — განსხვავებულად არიან წარმოჩენილები.
ტერფბალნიანებს, რომლებიც ტოლკინის წიგნებში ჰობიტების წინაპრები არიან, ახალი სერიალის პირველივე სერიაში ვხვდებით და ვხედავთ, რომ მათ ჰობიტებისგან განსხვავებული ცხოვრების წესი აქვთ. თუმცა, ზოგიერთი მაყურებლის გაღიზიანება არა პერსონაჟების ქცევამ, არამედ მათი შემსრულებელი მსახიობების წარმომავლობამ გამოიწვია.
გეიმანი კი, რომელიც აღიარებული ტოლკინისტია, ცოტა ხნის წინ ტვიტერზე თავად გამოეხმაურა ამ კრიტიკას და ლეგენდარიუმის შემქმნელის სიტყვები მოიშველია.
ინგლისელი მწერალი პოსტში ხსნის, რომ ტოლკინი ტერფბალნიანებს აღწერს, როგორც სხვა ჰობიტებზე "უფრო მუქკანიან" არსებებს. გეიმანი ასევე ამბობს, რომ ვისაც ამჟამინდელ სამსახიობო გუნდთან მსგავსი პრობლემა აქვს, "ან რასისტია, ან ტოლკინი არ წაუკითხავს".
ამ განცხადების შემდეგ გეიმანი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და აღნიშნეს, რომ "უფრო მუქკანიანი" რეალურად "მზეზე გარუჯულ თეთრკანიანს" ნიშნავს. თუმცა, ინგლისელმა მწერალმა ამაზეც საკადრისი პასუხი გასცა.
"ტოლკინს არ უთქვამს, ტერფბალნიანები სხვა ჰობიტებზე უფრო დიდხანს რჩებოდნენ მზეზე და უფრო გარუჯულები იყვნენო, თქვა უფრო მუქკანიანები გახლდნენო".
სხვათა შორის, ძალაუფლების ბეჭდებმა, რომლის პრემიერაც 2 აგვისტოს შედგა, კრიტიკა ჯერ კიდევ გამოსვლამდე დაიმსახურა — როცა სერიალში მონაწილე მსახიობების შემადგენლობა გახდა ცნობილი. მაყურებლების ნაწილი კვლავაც მრავალფეროვანმა სამსახიობო გუნდმა განარისხა.
მათ განცხადებებს გამოეხმაურა სერიალში მონაწილე მსახიობი მორფიდ კლარკიც და აღნიშნა, რომ ტოლკინმა კომპლექსური სამყაროები შექმნა, ხოლო "ფანები, რომლებიც ამტკიცებენ, რისი ნახვა ენდომებოდა ავტორს სერიალში, სისულელეს ჩმახავენ".
აღსანიშნავია, რომ მსგავსი კრიტიკა ხვდა წილად გეიმანის ნაწარმოების — The Sandman-ის — ეკრანიზაციასაც, რომელიც ასევე ცოტა ხნის წინ გამოვიდა. იმის მიუხედავად, რომ ეს სერიალიც ფენტეზი სამყაროზე მოგვითხრობს, მაყურებელთა ნაწილმა ზოგიერთი მსახიობის მონაწილეობაზე გამოთქვა პროტესტი.