Nirvana-მ კაცს, რომელიც ჯგუფს პორნოგრაფიისთვის უჩიოდა, სასამართლო მოუგო

Nirvana-მ კაცს, რომელიც ჯგუფს პორნოგრაფიისთვის უჩიოდა, სასამართლო მოუგო

30 წლის სპენსერ ელდენმა, რომელმაც Nirvana-ს პორნოგრაფიის ბრალდებით უჩივლა, სასამართლო წააგო. ელდენი ჯგუფის ყველაზე ცნობილი ალბომის, Nevermind-ის გარეკანზე სრულიად შიშველია გამოსახული, რამაც მისი თქმით, "ცხოვრებისეული ტკივილი" მიაყენა, რადგან მისი სახელი სამუდამოდაა დაკავშირებული აღნიშნულ ფოტოსთან.

ელდენმა პორნოგრაფიისთვის ჯგუფის წევრებსა და ალბომის შექმნაში ჩართულ ხმისჩამწერ კომპანიებსა და ადამიანებს, რომლებმაც, მისი თქმით, ბავშვის პორნოგრაფიასთან დაკავშირებით შტატების მიერ დადგენილი კანონი დაარღვიეს, ალბომის გამოსვლიდან 30 წლის შემდეგ უჩივლა. მან სარჩელი 2021 წლის 24 აგვისტოს ლოს-ანჯელესის სასამართლოში შეიტანა, მაგრამ თავდაპირველად მისი საქმე არ განიხილეს. ელდენმა 2022 წლის იანვარში სარჩელი თავიდან შეიტანა, განხილვის შემდეგ კი სასამართლომ მოსარჩელეს მოთხოვნები არ დაუკმაყოფილა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ელდენის მიერ წამოწყებული დავისთვის დაწესებული ხანდაზმულობის 10-წლიანი ვადა გასულია. რადგან ელდენმა სასამართლოს 30 წლის შემდეგ მიმართა, Nirvana-ს და სხვა მოპასუხეების წინააღმდეგ პორნოგრაფიის ბრალდება აღარ განიხილება. ელდენს საჩივრის თავიდან შეტანა აღარ შეუძლია, თუმცა მისი იურისტების თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

შეგახსენებთ, რომ ელდენი 17 მოპასუხისგან სათითაოდ $150 000-ის გადახდას ან სასამართლოს მიერ გამოთვლილი და დადგენილი ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. ამის მიზეზი ისაა, რომ ელდენის თქმით, მის მშობლებს არასდროს გაუციათ ნებართვა 4 თვის ბავშვის ფოტოს გამოყენებაზე და ალბომის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლიდან მათ არაფერი მიუღიათ. Nevermind 1991 წელს გამოვიდა და დღემდე დაახლოებით 30 მილიონი ალბომია გაყიდული.