მიხეილ სარჯველაძე ომბუდსმენის არჩევის წესზე: ოპოზიციის სპორტული ინტერესია, გააკრიტიკოს იდეა და შეთავაზება, რომელიც უნაკლოა

მიხეილ სარჯველაძე ომბუდსმენის არჩევის წესზე: ოპოზიციის სპორტული ინტერესია, გააკრიტიკოს იდეა და შეთავაზება, რომელიც უნაკლოა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ როცა ოპოზიცია ნაღმებზე საუბრობს და ვერ უთითებს, კანონპროექტში რა ნაღმებია, ეს მიუთითებს, რომ მათი სპორტული ინტერესის ამოცანაა, რაღაცნაირად გააკრიტიკონ იდეა და შეთავაზება, რომელიც უნაკლოა.

„თითოეული წინადადება გაჯერებულია გარანტიით, რომ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი წარიმართოს ინკლუზიურად, ყველა დაინტერესებული სუბიექტის მაქსიმალური ჩართულობით და ყველას ჰქონდეს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება. როცა ოპოზიცია ნაღმებზე საუბრობს და ვერ უთითებს, კანონპროექტში რა ნაღმებია, ეს მიუთითებს, რომ მათი სპორტული ინტერესის ამოცანაა, რაღაცნაირად გააკრიტიკონ იდეა და შეთავაზება, რომელიც უნაკლოა. ჩვენ მიერ შეთავაზებულ წესს არაფერი დაეწუნება და არ არსებობს არგუმენტი, რაზე დაყრდნობითაც ვინმეს შეუძლია, ისაუბროს ამ კანონპროექტის ნაკლოვანებაზე.

მაშინ, ოპოზიციამ თქვას, რაც მოქმედია, დავტოვოთ. არ მგონია, ოპოზიციამ ეს პოზიცია გაახმოვანოს, მაგრამ აქა-იქ გავრცელებული მოსაზრება არის მცდარი, რადგან ეს დოკუმენტი უზრუნველყოფს ყველა იმ პრინციპის დაცვას, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მიიჩნევა, როგორც საუკეთესო პრაქტიკა სახალხო დამცველის ინსტიტუტის, რომ ის იქნება დამოუკიდებელი, ინკლუზიურად არჩეული“, - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ევროპული რეკომენდაციების მეთორმეტე პუნქტთან დაკავშირებით, მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილება მიიღო. პროცესის გამჭვირვალობის და სანდოობის მიზნით, სახელისუფლებო გუნდი მომავალი ომბუდსმენის ბედს ოპოზიციას და მესამე სექტორს ანდობს. ერთადერთი, რა შემთხვევაშიც, პროცესში მმართველი პარტია ჩაერევა და საკუთარ კანდიდატს წარადგენს, ოპონენტების მხრიდან საბოტაჟი და პროცესის ხელოვნურად დაბლოკვის მცდელობა იქნება. რადიკალურმა ოპოზიციამ აღნიშნული გადაწყვეტილება დაიწუნა.