საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ელისაბედ ბორნმა განაცხადა, რომ ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში, საფრანგეთში ოჯახებს ზამთარში დენი მოძრავი გრაფიკით ორი საათით შეიძლება გაეთიშოთ.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ვითარება ნაწილობრივ გამოწვეულია უკრაინის ომის შედეგებით და ასევე საფრანგეთის ატომური რეაქტორების დაახლოებით ნახევრის ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით დაგეგმილი გათიშვის გამო.
„ეს ნიშნავს, რომ ნაკლებ ელექტროენერგიას ვაწარმოებთ და შეიძლება იყოს მომენტები, თუ ძალიან ცივა, რომ ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შეგვექმნას. ასეთ შემთხვევაში, უბნების მიხედვით გავთიშავთ ელექტროენერგიას არა უმეტეს ორი საათის განმავლობაში“, - აღნიშნა ელისაბედ ბორნმა.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ გაზის მიწოდება არ გაითიშება, რადგან ხალხი მას ძირითადად გათბობისთვის იყენებს.
მისი განმარტებით, ასეთი გადაწყვეტილება გამოწვეულია ცუდი გარემოებების ერთობლიობით, მათ შორის რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტით, თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის შეზღუდვით და ძალიან ცივი ზამთრით.