ალბათ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სიტუაცია გაანალიზა და შედეგად სწორ გადაწყვეტილებამდე მივიდა - საკითხი ადრე თუ გვიან, გადაწყდა და გადაწყდა მართებულად! - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ინფორმაციას, რომლის მიხედვით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოაწერა.
ვოლსკიმ აქვე დასძინა, რომ ინტერესი იმისა, რომ აღნიშნულ საკითხებზე ცხელი ურთიერთობების ფორმატი შენარჩუნდეს, წარუმატებელია.
"სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. აღნიშნული გადაწყვეტილება ცოტა ადრე რომ ყოფილიყო მიღებული, უკეთესი იქნებოდა. კარგია, რომ საკითხი საბოლოო შეთანხმებით დასრულდა. აქედან გამომდინარე არ ვფიქრობ, რომ ამ თემაზე რაღაც ხისტი კომენტარები უნდა გავაკეთო. საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მნიშველოვანია გაეროში გვყავდეს საკმაოდ გამოცდილი დიპლომატი, ისევე როგორც კანადაში. სწორედ ეს გადაწყვეტილება არის მიღებული", - განუცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს.
ამასთან, როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ელჩების დანიშვის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი არ არის სარჩელი პრეზიდენტის წინააღმდეგ.
"ეს არის აუცილებლობა, რათა საკონსტიტუციო სასამართლომ სწორი დასკვნა გააკეთოს, კონსტიტუციით რა უფლებამოსილებას ფლობს პრეზიდენტი, როდესაც გადაწყვეტილებაა მისაღები. თუ კონსტიტუციით გაწერილი არ არის, რომ პრეზიდენტმა აუცილებლად უნდა მოაწეროს ხელი იმ დიპლომატის დანიშვნას, რომელსაც მას მთავრობა წარუდგენს, არანაირი გაუგებრობა არ უნდა წარმოიშვას. ამიტომ აუცილებელია ამაზე განმარტება საკონსტიტუციო სასამართლომ გააკეთოს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.