ჯოან როულინგმა გაგვიმხილა, თუ რატომ გამოაკლდა ჰარი პოტერის საიუბილეო გადაცემას

ჯოან როულინგმა გაგვიმხილა, თუ რატომ გამოაკლდა ჰარი პოტერის საიუბილეო გადაცემას

2022 წელი ჰარი პოტერის ფანებისთვის განსაკუთრებულად დაიწყო — 1 იანვარს ჰარი პოტერის საიუბილეო გადაცემა გამოვიდა, რომელშიც ფილმების მსახიობები და რეჟისორები შეიკრიბნენ და კადრს მიღმა ფაქტებზე, საკუთარ პერსონაჟებსა და სხვა საინტერესო ისტორიებზე ისაუბრეს.

ფანებისდა გასაოცრად, საიუბილეო გადაცემაში ჰარი პოტერის სამყაროს შემქმნელი — ჯოან როულინგი არ გამოჩენილა. მართალია, როულინგს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ბევრი ფიქრობდა, რომ ის გადაცემაში არ დაუპატიჟებიათ და ამის მიზეზი მწერლის მიერ ტრანსგენდერი ადამიანების შესახებ გაკეთებული კომენტარები აღმოჩნდა.

გადაცემის გამოსვლიდან ნახევარ წელზე მეტი გავიდა, თუმცა როულინგმა გადაწყვიტა, ამ თემის ირგვლივ დუმილი დაერღვია. პოდკასტში სტუმრად მყოფმა მწერალმა განაცხადა, რომ გადაცემაში მიიწვიეს, თუმცა თავად არ წავიდა, რადგან ფიქრობდა, რომ გადაცემაში მხოლოდ ფილმებზე ისაუბრებდნენ და იქ არაფერი ესაქმებოდა. როულინგმა ხაზგასმით თქვა, რომ მისთვის გადაცემაში მისვლა არავის აუკრძალავს.

"დიახ, მისვლა მთხოვეს, მაგრამ არ მინდოდა. ვიფიქრე, რომ გადაცემა ფილმების შესახებ უფრო იქნებოდა, ვიდრე წიგნებზე და სწორიც აღმოვჩნდი. იუბილეც ფილმების იყო", — თქვა როულინგმა.

როულინგი ტრანსფობიაში არაერთხელ დაადანაშაულეს. თავდაპირველად, ამის საფუძველი მკვლევარ მაია ფორსტეიტერის დაცვა გახდა. ეს უკანასკნელი სამსახურიდან ტრანსფობიური განცხადების — "კაცებს ქალად გახდომა არ შეუძლიათ" — დაითხოვეს. მოგვიანებით, როულინგმა ტვიტერზე დაწერა, რომ "ადამიანებისთვის, რომელთაც მენსტრუაცია აქვთ, შესაფერისი სიტყვა უკვე გვქონდა". ბოლოს, მწერალი თავის დეტექტიურ რომანში ბოროტმოქმედად "ქალად გადაცმული კაცის" გამოყვანისთვის გააკრიტიკეს. აღსანიშნავია, რომ როულინგი თავისი შეხედულებების გამო ჰარი პოტერის მსახიობებმაც გააკრიტიკეს, მათ შორის, ემა უოტსონმა, დენიელ რედკლიფმა და რუპერტ გრინტმაც.