მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის პროცესში უცხოელი ექსპერტის ჩართვაზე: ექსპერტიზა ავტომატურად სავალდებულო გადაწყვეტილების მიღებას არ განაპირობებს

მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის პროცესში უცხოელი ექსპერტის ჩართვაზე: ექსპერტიზა ავტომატურად სავალდებულო გადაწყვეტილების მიღებას არ განაპირობებს

ერთი რომელიმე საექსპერტო დასკვნა არ შეიძლება იყოს უპირობო ჭეშმარიტებად მიჩნეული - ექსპერტიზა ავტომატურად სავალდებულო გადაწყვეტილების მიღებას არ განაპირობებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლაში ამერიკელი ექსპერტის ჩართვას გამოეხმაურა.

მისი თქმით, დასკვნა, რომელიც დაიდება, სამსჯელო გახდება შესაბამისი ინსტიტუციებისთვის.

„ექსპერტიზა არ ქმნის ავტომატურად სამართლებრივ გადაწყვეტილებებს. სამართლებრივად მნიშვნელოვანი პროცესუალური გადაწყვეტილებები მიიღება პროცესის მწარმოებელი პირების მხრიდან და ისიც საკანონმდებლო ან ნორმატიული საფუძვლების არსებობისას. თუ დასაბუთდება რომელიმე ნორმატიული საფუძველი დასკვნით, ამან შეიძლება შეცვალოს ვითარება, პროცესუალური მიმდინარეობა, თუმცა, ერთი რომელიმე დასკვნა არ შეიძლება იყოს უპირობო ჭეშმარიტებად მიჩნეული. მარტივად რომ ვთქვა, ექსპერტიზა ავტომატურად სავალდებულო გადაწყვეტილებას არ განაპირობებს. დასკვნა სამსჯელო გახდება მაგალითად სასამართლოსთვის, პროცესის მწარმოებელი სხვა სუბიექტებისთვის“, - განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, საექსპერტო დასკვნამ გადაწყვეტილებაზე გავლენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოახდინოს, თუ დასკვნაში ეწერება, რომ სასჯელის მოხდისას ადამიანს ისეთი სამედიცინო სერვისი ესაჭიროება, რომელიც ხელმიუწვდომელია საქართველოში.

„ოპონენტების მხრიდან პოლიტიკური მოტივებით ნასაზრდოები პოპულისტური დებულება, თითქოსდა უცხოეთში სააკაშვილის გადაყვანა აუცილებლობით არის ნაკარნახევი, სინამდვილეს არ შეეფერება. ამ დრომდე არსებული არც ერთი კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სააკაშვილს ესაჭიროება რაიმე ისეთი სამკურნალო პროცედურა, რაც საქართველოში ხელმიუწვდომელია და მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ უცხოეთში, წარმოდგენილი არ ყოფილა. სამართლებრივად ვარგისი არგუმენტი გადაწყვეტილების მიღებისთვის, რომლის შედეგად სააკაშვილს გადაუვადდება სასჯელი ან გათავისუფლება მისგან, წარმოდგენილი არ გახლავთ. ასეთ პირობებში გასაგებია, რომ სასჯელის მოხდა განხორციელდება. ექსპერტი, რომელიც ჩამოსულია, დადებს დასკვნას და დასკვნა როგორიც იქნება, იმის მიხედვით დაიგეგმება მომდევნო ეტაპები. არ მგონია დაიდოს ისეთი დასკვნა, რომელმაც ამ დრომდე ჩატარებული მკურნალობის გადახედვა განაპირობოს. პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც სააკაშვილის თავისუფლება და სასჯელის აცდენა მნიშვნელოვანია, გააფთრებით ცდილობს ხელოვნურად შექმნას არარსებული არგუმენტები მის გასათავისუფლებლად. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან ნებისმიერი ხერხის გამოყენებაა მოსალოდნელი, მათ შორის, ექსპერტის ჩამოყვანა და იმ კითხვების დასმა, რომელზეც შესაძლებელია მათთვის სასურველი პასუხი გააჩინონ, თუმცა, სადაც არ არსებობს მიზეზი, ამის ხელოვნურად დასაბუთების შექმნაზე მუშაობა არ მგონია, პერსპექტიული იყოს,“ - განაცხადა სარჯველაძემ.